ანა ნაცვლიშვილი - საზოგადოებრივი მაუწყებელი ძალიან მნიშვნელოვანი სიკეთეა, რომელიც საზოგადოებას უნდა ეკუთვნოდეს
ანა ნაცვლიშვილი - საზოგადოებრივი მაუწყებელი ძალიან მნიშვნელოვანი სიკეთეა, რომელიც საზოგადოებას უნდა ეკუთვნოდეს

საზოგადოებრივი მაუწყებელი ძალიან მნიშვნელოვანი სიკეთეა, რომელიც საზოგადოებას უნდა ეკუთვნოდეს, – ეს განცხადება პრეზიდენტის ახალმა საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა გააკეთა.

ნაცვლიშვილის თქმით, ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაზეც საპარლამენტო მდივნის რანგში მუშაობას იწყებს ,”მაუწყებლობის შესახებ” კანონია, რომელზეც პრეზიდენტის პოზიცია 15 იანვარს გახდება ცნობილი.

“ამ ეტაპზე ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაც გადმომეცა, ეს საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონში ცვლილებებია. ამ საკითხზე ჩემი წინამორბედი მუშაობდა, ახლა უკვე მე გავაგრძელებ. 15 იანვარი არის ის ვადა, როდესაც პრეზიდენტმა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. ამ ვადაში ჩვენ მუშაობას დავასრულებთ. ჩემი პოზიცია, როგორც  უფლებადამცველის, არის ის, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ძალიან მნიშვნელოვანი სიკეთეა, რომელიც საზოგადოებას უნდა ეკუთვნოდეს და მთელი მისი ფუნქციონირება საზოგადოებრივი ინტერესის დაკმაყოფილებისკენ უნდა იყოს მიმართული. შესაბამისად, ნებისმიერი ცვლილება კანონმდებლობაში და პრაქტიკაში ამ სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდეს. ეს კანონიც ამ სტანდარტით იქნება შეფასებული”, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

პრეზიდენტის ახალი საპარლამენტო მდივანი პარლამენტისგან კონსტრუქციულ და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ ურთიერთობას ელის.

“ამ უმნიშვნელოვანესი ურთიერთობების მიმართ პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია ყოველთვის მოწოდებული და განწყობილი იყო კონსტრუქციულად. მეც სრული მზაობა მაქვს, რომ ურთიერთპატივისცემის პრინციპზე დაყრდნობით, პარლამენტთან ურთიერთობა მაქსიმალურად შედეგიანი და საქმიანი იყოს. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ურთიერთობა კონსტრუქციულობისა და შედეგიანობის ფარგლებში დარჩება”, – აცხადებს ნაცვლიშვილი.