ანა ნაცვლიშვილი - სასამართლო სისტემაში შექმნილი მძიმე ვითარება პარლამენტის და მმართველი გუნდის პასუხისმგებლობაა 
ანა ნაცვლიშვილი - სასამართლო სისტემაში შექმნილი მძიმე ვითარება პარლამენტის და მმართველი გუნდის პასუხისმგებლობაა 

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ კვლევა საგანგაშო შემთხვევებსა და რისკებზე მიუთითებს, – ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა ნაცვლიშვილმა ორგანიზაციის მიერ დღეს გამოქვეყნებულ კვლევაზე განაცხადა, რომელიც სასამართლო სისტემაში კორუფციულ რისკებს ეხება.

ნაცვლიშვილის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია, კვლევას არამხოლოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭო, არამედ პარლამენტი გაეცნოს.

„ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ კვლევას გაეცნოს არა იუსტიციის საბჭო, რომელსაც ცვლილების არანაირი რესურსი არ გააჩნია და ჯიუტად, თუმცა წარუმატებლად ცდილობს, თავი დაირწმუნოს და სხვებიც დაარწმუნოს, რომ ყველაფერი რიგზეა სასამართლოში, ამ კვლევას უნდა გაეცნოს პარლამენტი. პარლამენტის და მმართველი გუნდის პასუხისმგებლობაა ის მძიმე ვითარება, რომელიც შეიქმნა სასამართლო სისტემაში, ისევე, როგორც ზოგადად, მართლმსაჯულების სისტემაში, რომელიც მოიცავს საგამოძიებო ორგანოებს, პროკურატურას“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მისი თქმით, პარლამენტმა უნდა იმოქმედოს, სხვა შემთხვევაში, კრიზისი უკვე არის და ქვეყანა მიიღებს რთულ პროცესს, რადგან ნაცვლიშვილის შეფასებით, საზოგადოებრივი პროტესტი სერიოზული და მზარდია.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში კორუფციის რისკებზე კვლევა დღეს წარადგინა, რომელშიც სასამართლო სისტემაში კორუფციის სავარაუდო შემთხვევების ხელშემწყობ ძირითად ფაქტორებზეცაა საუბარი.