ანა ნაცვლიშვილი - სანქციები უნდა იყოს მხოლოდ პერსონალური, როგორც მოსამართლეებზე, ასევე პოლიტიკოსებზე
ანა ნაცვლიშვილი - სანქციები უნდა იყოს მხოლოდ პერსონალური, როგორც მოსამართლეებზე, ასევე პოლიტიკოსებზე

მიგვაჩნია, რომ სანქციები უნდა იყოს მხოლოდ პერსონალური, როგორც მოსამართლეებზე, ასევე პოლიტიკოსებზე, – ამის შესახებ ფრაქცია „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ამერიკის მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების განცხადებები პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ შეთანხმების დარღვევა მოხდა, რასაც შედეგები მოჰყვება. ნაცვლიშვილის განცხადებით, შესაძლოა, ეს იყოს სანქციები.

„ჩვენი მთავარი ამოცანაა, ქვეყანა თვითმმართველობის არჩევნებამდე ისე მივიყვანოთ და გავიყვანოთ ფონს, რომ რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მიიღოს სახელმწიფომ „ქართული ოცნების“ ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯების გამო. თუ ხელისუფლება გააგრძელებს ასეთი ტიპის ქმედებებს, ცხადია, ქვეყანას სერიოზული ზიანი მიადგება. მიგვაჩნია, რომ სანქციები უნდა იყოს მხოლოდ პერსონალური, როგორც მოსამართლეებზე, ასევე პოლიტიკოსებზე“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დღეს განცხადება გაავრცელა, რომელშიც მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, შეასრულოს 19 აპრილის შეთანხმება, მათ შორის უზენაეს სასამართლოში დანიშვნების შეჩერება გამჭვირვალე მართლმსაჯულების რეფორმის ჩატარებამდე.

ამასთან, ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ ღრმად შეწუხებულია საქართველოს პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დამტკიცების გამო, რაც ეწინააღმდეგება 19 აპრილის შეთანხმებას.