ანა ნაცვლიშვილი სამუშაო ჯგუფებს არაგამჭვირვალე ფორმატს უწოდებს და აცხადებს, რომ „ლელო“ მასში მონაწილეობას არ აპირებს
ანა ნაცვლიშვილი სამუშაო ჯგუფებს არაგამჭვირვალე ფორმატს უწოდებს და აცხადებს, რომ „ლელო“ მასში მონაწილეობას არ აპირებს

„ლელოს“ წევრი ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ „ლელო“ მუშაობდა და გააგრძელებს მუშაობას ინსტიტუციურ ფორმატებში, 12 პუნქტის შესრულების ირგვლივ, აქტიურად იქნებიან ჩართული საკომიტეტო და სასესიო მოსმენების დროს.

ნაცვლიშვილის თქმით, ეს არის ფორმატი, რომელსაც იცნობს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი და საქართველოს კანონმდებლობა.

რაც შეეხება სამუშაო ჯგუფებს, ანა ნაცვლიშვილი მას არაგამჭვირვალე და საზოგადოების წინაშე არაანგარიშვალდებულ ფორმატს უწოდებს.

„კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მალე წელიწადი შესრულდება, ვიდრე 12 პუნქტში მოხვდებოდა სასამართლოს რეფორმა, ანტიკორუფციული რეფორმა და ასე შემდეგ, „ლელომ“ პარლამენტში ყცელა წესის დაცვით დააინიცირა სრულყოფილი პაკეტი სასამართლოს და ანტიკორუფციული რეფორმის. ჩვენი ხედვა დევს, დევს საჯაროდ და დევს ოფიციალურად. ამიტომ ჩვენ 12 პუნქტის შესასრულებლად აქამდეც ძალიან ბევრი გვიმუშავია ამ საკითხებზეც შინაარსობრივად და რა თქმა უნდა, კომიტეტებზე და პლენარულ სხდომებზე ვაპირებთ, ძალიან აქტიურად ვიყოთ ჩართული.

მე არ ვიცი სამუშაო ჯგუფები, თქვენ გინახავთ, როგორ მუშაობს ეს სამუშაო ჯგუფები? მე მაქვს ძალიან ცოტა ინფორმაცია ამ სამუშაო ჯგუფების შესახებ. მიმაჩნია, რომ არაგამჭვირვალე და საზოგადოების წინაშე არაანგარიშვალდებული ფორმატები არის სერიოზული პრობლემა. ამ ჯგუფებს არ აქვს არც მუშაობის წესები დადგენილი, არც რაიმე პროცედურა, ვინ არის ამ ჯგუფის შემადგენლობაში, ვის რა უფლება აქვს, რა არის ჯგუფის მიზანი. ასე ჰაერზე სამუშაო ჯგუფები არ იქმნება, სამუშაო ჯგუფს სჭირდება რეგლამენტაცია და ინსტიტუციონალიზაცია, ეს ჯერჯეობით არ მომხდარა“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

საქართველოში იმყოფება ევროპარლამენტართა დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც შედიან: დევიდ მაკალისტერი, ზელიანა ზოვკო, ვიოლა ფონ კრამონი, სვენ მიქსერი, ტიერი მარიანი და ასიტა კანკო. ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, დევიდ მაკალისტერმა გუშინ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე სხვა საკითხებთან ერთად, ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებითაც ისაუბრა, რა დროსაც განაცხადა: „მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკოსს საქართველოში, იმუშაონ ერთად 12 რეკომენდაციის შესასრულებლად, რათა ევროკომისიას წლის ბოლოს ჰქონდეს შესაძლებლობა, შეაფასოს, როგორ მიიწევს წინ ქვეყანა“.