ანა ნაცვლიშვილი - პრეზიდენტი აღიარებს სასამართლოში პრობლემებს, მაგრამ ამბობს, რომ ამ სისტემური პრობლემების მქონე სასამართლომ უნდა გაასამართლოს სააკაშვილი, სად არის აქ ლოგიკა
ანა ნაცვლიშვილი - პრეზიდენტი აღიარებს სასამართლოში პრობლემებს, მაგრამ ამბობს, რომ ამ სისტემური პრობლემების მქონე სასამართლომ უნდა გაასამართლოს სააკაშვილი, სად არის აქ ლოგიკა

„ლელო საქართველოსთვის“ წევრის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის გუშინდელი განცხადებები არალოგიკურია.

როგორც ნაცვლიშვილი ამბობს, პრეზიდენტი ერთი მხრივ, აღიარებს სასამართლოში არსებულ სისტემურ პრობლემებს, მეორე მხრივ, ამბობს, რომ ამ სისტემური პრობლემების მქონე სასამართლომ უნდა გაასამართლოს სააკაშვილი.

„მიმდინარე დღეების განმავლობაში არაერთი ადამიანი ვნახეთ, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მწვავე კრიტიკოსი იყო მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს და მათ პირადი თუ სხვა ტიპის მიუღებლობა ჰქონდათ ბევრ საკითხზე. ამ ადამიანებს ჩემს თავსაც მივაკუთვნებ. ჩვენ შევძელით, რომ სახელმწიფოებრიობის წინაშე მდგომი კრიტიკული საფრთხე დაგვენახა და ყველაზე წინ დაგვეყენებინა სახელმწიფოს წინაშე არსებული გამოწვევა. ვინ, თუ არა სახელმწიფოს მეთაური უნდა იყოს ადამიანი, რომელიც ყველა რაკურსით ხედავს კრიზისს და ყველაზე წინ აყენებს სახელმწიფოს, საზოგადოების წინაშე არსებულ გამოწვევას. ჩემთვის ძალიან მძიმე იყო იმის მოსმენა, რომ მესამე პრეზიდენტი გადაყვანილი უნდა იყოს სამოქალაქო კლინიკაში, როცა ამას საფუძვლად უდევს პროფესიული დამოუკიდებელი აქტორების მოთხოვნა. შეწყალების ინსტიტუტი მოგონილია იმ ადამიანებისთვის, ვინც მიაჩნიათ დამნაშავედ. უდანაშაულო ადამიანებზე სამართალი სხვანაირად იმუშავებდა. თან შეუთავსებელია ის განცხადებები, რაც მან გააკეთა. ერთი მხრივ, აღიარებს სასამართლოში არსებულ სისტემურ პრობლემებს, მეორე მხრივ ამბობს, რომ ამ სისტემური პრობლემების მქონე სასამართლომ უნდა გაასამართლოს მესამე პრეზიდენტი, რომლის მიმართ მმართველი გუნდის მხრიდან არის კონკრეტული პარტიული პოლიტიკური ინტერესი, სად არის აქ ლოგიკა.