ანა ნაცვლიშვილი - საკრებულოს მაჟორიტარების 40%-იან ბარიერზე მკაფიო პოზიცია დავაფიქსირეთ, ნებისმიერი ცვლილება მაშინ შეუწყობს ხელს პოლიტიკურ პროცესს, თუ ექნება ფართო ნდობა
40%-იან ბარიერზე მკაფიო პოზიცია დავაფიქსირეთ, ნებისმიერი ცვლილება მხოლოდ მაშინ შეუწყობს ხელს პოლიტიკურ პროცესს, თუ ექნება ფართო ნდობა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებისთვის 40-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერის დაწესების საკითხზე საუბრისას.
„40%-იან ბარიერზე მკაფიო პოზიცია დავაფიქსირეთ. ცვლილებების მთავარი ღირებულება, რომელიც ამ რეფორმის ფარგლებში უნდა განხორციელდეს და განხორციელდება, არის ის, რომ იყოს ფართო კონსენსუსით მიღებული. შესაბამისად, საკითხები, რომელთა ირგვლივაც ვერ მოხდება ფართო კონსენსუსის მობილიზება, ცხადია, რომ რეფორმის მიმართ ნდობასა და რეფორმის ხარისხს ზემოთ ვერ აწევს. რაკი ამ საკითხზე ამ მოცემულობაში არ არის ფართო პოლიტიკური კონსენსუსი, ამ საკითხის ფორსირებით მიღება არ არის სწორი. დასაწყისში, როდესაც იდეები ითელებოდა, ბევრი იდეა იდო მაგიდაზე, მათ შირის შესაძლოა, ეს იდეაც გაჟღერდა. მაგრამ პირველმა და მეორე მოსმენამ კომიტეტზე ისე ჩაიარა, რომ ამ საკითხზე საუბარი არ ყოფილა. ამიტომ ასე უკონტექსტოდ და დროის გაუთვალისწინებლად მნიშვნელოვანი ცვლილებების მაგიდაზე დადება ზოგადად პროცესს არ აუმჯობესებს.
ჩვენი პოზიცია მნიშვნელოვან პრინციპს მიემართება, ნებისმიერი ცვლილება, მით უმეტეს, ამ მასშტაბის ცვლილება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუწყობს ხელს პოლიტიკურ პროცესს და დეპოლარიზებას, თუ მას ექნება ფართო ნდობა და კონსენსუსი“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.