ანა ნაცვლიშვილი - სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში პროკურატურასთან დაკავშირებით უჩვეულოდ მკაფიო და მკაცრი აქცენტია
ანა ნაცვლიშვილი - სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში პროკურატურასთან დაკავშირებით უჩვეულოდ მკაფიო და მკაცრი აქცენტია

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში არის უჩვეულოდ მკაფიო და მკაცრი აქცენტი პროკურატურასთან მიმართებაში, – ამის შესახებ „ლელოს“ წარმომადგენელმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

ნაცვლიშვილის თქმით, ამის მიზეზი პოლიტიკოსების, ასევე მედიასაშუალებების ხელმძღვანელების ნაწილის მიმართ მიმდინარე სისხლისსამართლებრივი დევნაა.

„ამ განცხადებაში არის უჩვეულოდ მკაფიო და მკაცრი აქცენტი სახელდახელოდ გაკეთებული პროკურატურასთან მიმართებაში, რადგან დღეს პროკურატურას დევნა აქვს დაწყებული თითქმის ყველა პოლიტიკური ძალის სულ მცირე, ერთი ლიდერის მიმართ მაინც. ასევე, კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალება თითქმის არ დარჩა ქვეყანაში, რომლის დამფუძნებელს ან ხელმძღვანელს, რამე სისხლის სამართლის საქმით არ ედავებოდნენ და ასევე არის არაერთი აქტივისტი, თუ პოლიტიკურად და საზოგადოებრივად აქტიური ადამიანი. ეს არის კონტექსტი და ამაზე არის სწორედ მინიშნება განცხადებაში. პროკურატურა არ არის პოლიტიკური წნეხისგან თავისუფალი და დაჟინებულია მოწოდება იმისა, რომ ეს პრობლემა აღმოიფხვრას“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ამასთან, ნაცვლიშვილის თქმით, უკვე დაწყებულია  ახალი მთავარი პროკურორის ძიების პროცესი.

„ეს პროცესი აქამდე ყოველთვის იყო ფარსი და მხოლოდ ხელისუფლებისთვის 100 პროცენტით სანდო ადამიანები ინიშნებოდნენ ამ თანამდებობაზე. ერთი მხრივ, არსებული ძალიან პრობლემური საქმეები, რომელსაც პროკურატურა თეთრი ძაფით კერავს და მეორე მხრივ, ახალი ხელმძღვანელის შერჩევის პროცესი, რა კონტექსტშიც გამოუშვეს ეს ძალიან კრიტიკული და ღია გზავნილი, რომ მართლმსაჯულების ინსტიტუტები, პროკურატურა, სასამართლო საქართველოში გამოიყენება დევნისთვის და ეს უნდა შეიცვალოს“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

რაც შეეხება სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში მართლმსაჯულების მეოთხე ტალღის დადებითად შეფასებას, ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ დიპლომატიის საკომუნიკაციო სტილი პოზიტივის აღნიშვნით იწყება და მთავარი გზავნილები შემდეგ წინადადებებში იკითხება.

მისივე თქმით, ხელისუფლების მხრიდან პოზიტივზე ხაზგასმა პარალელური, ყალბი რეალობის შექმნის მცდელობა იქნება.

„ეს არ არის პირველი განცხადება, რომელსაც ვკითხულობთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან და ვიცით, რომ ასეთია მათი საკომუნიკაციო ენა. როგორც წესი, საერთაშორისო, განსაკუთრებით დიპლომატიური განცხადებები იწყება თუნდაც მცირე, მაგრამ არსებულ პოზიტივზე მოჭიდებით და შემდეგ გადადიან მთავარ გზავნილზე, რომელიც არის წუხილი იმაზე, რომ არ არის დეპოლიტიზებული სასამართლო, პროკურატურა არის დევნის იარაღი და ა.შ. ამიტომ ეს ენა ყველასთვის გასაგებია, ვისაც უნდა გულწრფელად ამოიკითხოს გზავნილის შინაარსი. ვისაც უნდა, რომ მორიგ ჯერზე შექმნას პარალელური, გაყალბებული რეალობა, რა თქმა უნდა, ის წაიკითხავს განცხადების მხოლოდ პირველ წინადადებას. ამის გამოცდილებაც არსებობს საქართველოში“, – აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში აღნიშნულია: „ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს უსაფრთხო, წარმატებულ და დემოკრატიულ საქართველოს. ჩვენ მივესალმებით სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის პროგრესს და მხარს ვუჭერთ მმართველი პარტიისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შორის მიმდინარე დიალოგს საარჩევნო რეფორმის შესახებ. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, განამტკიცოს დემოკრატიის პრინციპებისადმი, ინდივიდუალური თავისუფლებისა და კანონის უზენაესობისადმი ერთგულება პოლიტიკურად მიუკერძოებელი სასამართლო და პროკურატურის სისტემის უზრუნველყოფით. ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს თავის სტრატეგიულ პარტნიორთან, საქართველოსთან მუშაობას, კანონის უზენაესობისა და ანგარიშვალდებული ინსტიტუტების ხელშესაწყობად“.