ანა ნაცვლიშვილი - სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებებს არ მივესალმებით
ანა ნაცვლიშვილი - სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებებს არ მივესალმებით

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ ახალი კანონი გარკვეულ ცვლილებებს ითვალისწინებს და შესაძლებელია, კონტრაქტის გარეშეც მოხდეს წვევამდელების სამსახურში აყვანა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ ცვლილებას არ მივესალმებით, – ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ფინანსური მხარის გადაწყვეტა სხვაგვარადაც იყო შესაძლებელი.

„ერთ-ერთი კანონი, რომელიც ასევე იყო სამუშაო პროცესის ნაწილი, არის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებები. ამ ცვლილებებით გარკვეულწილად იცვლება მოსამსახურეთა მდგომარეობა. აქამდე წვევამდელებს მართალია მცირე ანაზღაურების საფასურად, მაგრამ მაინც შეეძლოთ ანაზღაურების საფასურად ემსახურათ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში.

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ ახლა კანონი ითვალისწინებს გარკვეულ ცვლილებებს და შესაძლებელია, კონტრაქტის გარეშეც მოხდეს წვევამდელების აყვანა ამ სამსახურში. ჩვენ რა თქმა უნდა, ამ ცვლილებას არ მივესალმებით და ვფიქრობთ, რომ ფინანსური მხარის გადაწყვეტა სხვაგვარადაც იყო შესაძლებელი. სამწუხაროა, რომ ასე არ მოხდა“,- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ამასთან, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თქმით, პარლამენტმა და საზოგადოებამ აქტიურად უნდა მიადევნოს თვალი, თუ როგორ განხორციელდება და დაინერგება პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი კანონები ყოველდღიურ ცხოვრებაში.

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს 40-მდე კანონს ხელი მოაწერა. მათ შორისაა საავტორო უფლებების დაცვის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა, ასევე მარტოხელა მშობელთა შესახებ კანონებში შეტანილი ცვლილებები.