ანა ნაცვლიშვილი - საკანონმდებლო ცვლილება პრეზიდენტის უსაფრთხოებისა და დაცვის საკითხებს აუარესებს
ანა ნაცვლიშვილი - საკანონმდებლო ცვლილება პრეზიდენტის უსაფრთხოებისა და დაცვის საკითხებს აუარესებს

მოქმედი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებების განსაკუთრებული ინტერესი გიორგი მარგველაშვილისთვის დაცვის მოხსნაა.

ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ ცვლილება პრეზიდენტის უსაფრთხოებისა და დაცვის საკითხებს აუარესებს.

„მოქმედი კანონმდებლობით, მხოლოდ პრეზიდენტი სარგებლობდა სიცოცხლის ბოლომდე დაცვის უფლებით. არასწორია საუბარი, რომ ცვლილებები ყველასთვის კეთდება. ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ განსაკუთრებული ინტერესია გიორგი მარგველაშვილისთვის დაცვის მოხსნაზე. კანონპროექტის არაერთი დეტალი აჩვენებს, რომ სახელმწიფო დაცვის დატვირთვა არ არის ბოლომდე გააზრებული. საკითხები დაკონკრეტებული არ არის, რეჟიმის ცვლილებამ რა საფრთხეები შეიძლება წარმოშვას, ეს გაანალიზებული არ არის. საქართველო ოკუპირებულია და უმაღლესი თანამდებობის პირებს სახელმწიფო საიდუმლოებაზე დაშვება აქვთ. ისინი შეიძლება საინტერესო გახდნენ არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ დაინტერესებული პირებისთვის. აქედან გამომდინარე საფრთხეებს ატარებენ და მნიშვნელოვანია, კარგად გავიაზროთ, რომ უსაფრთხოების გარანტიები ჰქონდეთ პირებს, ვისაც თანამდებობიდან გამომდინარე დაცვა სჭირდებათ”, – აცხადებს ნაცვლიშვილი.

ნაცვლიშვილის თქმით, ცვლილებების შესაბამისად, დაცვის დანიშვნა მთავრობის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული.

„შესაბამისად, შემდგომ მთავრობასთან მეგობრულ თუ არამეგობრულ ურთიერთობაზე იქნება დამოკიდებული საკითხის გადაწყვეტა, პრეზიდენტს დაცვა ეყოლება თუ არა. ეს არ არის საკითხის საჭიროებიდან გამომდინარე მიღებული გადაწყვეტილება. იმ სამწუხარო ტენდენციის გაგრძელებას ვხედავთ, რაც პარლამენტში დაინერგა, რომ შეიკვეცოს და შეიზღუდოს ყველა უფლებამოსილება, რაც პრეზიდენტს აქვს და ხაზსგასმა მოხდეს, რომ ეს ინსტიტუტი საჭირო არ არის”, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილეს და მხარი დაუჭირეს.

დეპუტატებს ცვლილებების არსი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა, ანზორ ჩუბინიძემ გააცნო.

ცვლილებებით, პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს ვადის გასვლიდან ან უფლებამოსილების შეწყვეტიდან ერთი წლის შემდეგ დაცვა აღარ ეყოლებათ, თუმცა დაცვა შეიძლება დაენიშნოთ, მთავრობის გადაწყვეტილებით, შესაბამისი საფრთხის არსებობის საფუძველზე.