ანა ნაცვლიშვილი - როგორც ცნობილი გახდა, ნოდარ ვაშაძე შშმ პირია, ამაში არც დასამალი, მით უფრო - სასირცხვილო არაფერია
ანა ნაცვლიშვილი - როგორც ცნობილი გახდა, ნოდარ ვაშაძე შშმ პირია, ამაში არც დასამალი, მით უფრო - სასირცხვილო არაფერია

როგორც ცნობილი გახდა, ნოდარ ვაშაძე შშმ პირია, ამაში არც დასამალი, მით უფრო – სასირცხვილო არაფერია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.

მისივე თქმით, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის შვილმა, თეიმურაზ გორჯესტანმა ბოდიში უნდა მოიხადოს.

„თეიმურაზ გორჯესტანმა უნდა მოიხადოს ბოდიში! წერტილი! იმის მიუხედავად, იცოდა თუ არა ვისზე საუბრობდა. თუ იცოდა და ეს გააკეთა – ნუ ამას ბოდიშიც ვერ უშველის! როგორც ცნობილი გახდა, ნოდარ ვაშაძე შშმ პირია, ამაში არც დასამალი, მით უფრო – სასირცხვილო არაფერია. რა დარტყმა, რის შავი პიარი ამ თემაზე, ხალხო. საზოგადოება ვართ, ბოლოს და ბოლოს თუ ჯოგი?! ნებსით თუ უნებლიეთ, ნუ ვამისამართებთ ამ ადამიანებს ჩაბნელებული, მოფარებული ოთახებისკენ, ნუ ვაქცევთ ამ საკითხებს ყურში ჩურჩულის და პუტუნის თემად. ყველა განსხვავებული, ყველა თანასწორია“, – წერს ანა ნაცვლიშვილი „ფეისბუქზე“.

სალომე ზურაბიშვილის შვილმა, თეიმურაზ გორჯესტანმა „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის შვილი, ნოდარ ვაშაძე გუშინ დებატებში გამოიწვია. „თუ დათანხმდება, ჩამოვა და იცის ქართული, მზად ვარ, დებატებში გამოვიწვიო“, – განაცხადა გორჯესტანმა.

გრიგოლ ვაშაძის ოჯახის შესახებ მომზადებულ არაერთი მედიასაშუალების მასალებში თავად გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ მისი პირველი შვილი, ნოდარ ვაშაძე ოჯახური ბიზნესის, ღვინის კომპანიის წარმომადგენელია ევროპაში, არის საქართველოს მოქალაქე და აგვისტოს ომის დროს საქართველოშიც ჩამოვიდა.