ანა ნაცვლიშვილი - როდესაც ზოგადად პოლიტიკა სწორად არ ტარდება, ვიცოდით, რომ პენიტენციური სისტემის მიღწევის შენარჩუნება მყიფე იქნებოდა
ანა ნაცვლიშვილი - როდესაც ზოგადად პოლიტიკა სწორად არ ტარდება, ვიცოდით, რომ პენიტენციური სისტემის მიღწევის შენარჩუნება მყიფე იქნებოდა

„ლელოს“ წარმომადგენლის, ანა ნაცვლიშვილის შეფასებით, საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ ვითარებაზე სახალხო დამცველის ანგარიში ძალიან კრიტიკულია.

როგორც ნაცვლიშვილმა აღნიშნა, 2020 წლის შემდეგ პენიტენციურ სისტემაში მდგომარეობა უკეთესი გახდა, თუმცა ვინაიდან პოლიტიკა არასწორი მიმართულებით ხორციელდება, ამ მიღწევის შენარჩუნება მყიფე აღმოჩნდა.

„2012 წლის ციხის სკანდალის შემდეგ, პენიტენციური სისტემა იყო თითქმის ერთადერთი, სადაც რჩებოდა განცდა, რომ მდგომარეობა გაცილებით უკეთესი გახდა. აღარ იყო ძალადობა, აღარ იყო ჩაგვრა, აღარ იყო პატიმრებზე ზეწოლა, მაგრამ როდესაც ზოგადად პოლიტიკა არ ტარდება სწორი მიმართულებით, როდესაც სახელმწიფო ინსტიტუციები თავის ადგილას არ დგას, ამ მიღწევის შენარჩუნება ვიცოდით, რომ იქნებოდა მყიფე და დღეს უკვე გვაქვს სახალხო დამცველის ძალიან კრიტიკული ანგარიში, რომელიც ფაქტიურად ამბობს, რომ ციხეში დაბრუნდა ისევ ძალიან მძიმე ვითარება სახეცვლილებით, ხაზგასმით არის ნათქვამი, რომ თვითონ ციხის ადმინისტრაციის მხრიდან ძალადობაზე ნაკლებად საუბრობენ, მაგრამ ციხის ადმინისტრაცია იყენებს ციხის არაფორმალურ პირებს ციხეში, ანუ იგივე პატიმრებს სხვა პატიმრების დასაჩაგრად და აქ ზეწოლისა და ძალადობის სხვადასხვა ფორმაზე არის საუბარი“, – ამბობს „ლელოს“ წევრი.

ნაცვლიშვილის შეფასებით, ეს საგანგაშო სურათია, თუმცა ლოგიკური.

„რადგან როდესაც სახელმწიფოში არ მუშაობს და არ ფუნქციონირებს სასიცოცხლოდ აუცილებელი ინსტიტუციები სწორად, იქნება ეს შსს, პროკურატურა, სასამართლო, რა თქმა უნდა, პენიტენციური დაწესებულება ვერ გახდებოდა კუნძული, სადაც ყველაფერი წესრიგშია და გარეთ ვითარება არის კანონს მიღმა. ამიტომ ციხეშიც დატრიალდა ის, რაც გარეთაა, განუკითხაობა, ადამიანებს გაუჩნდათ დაუსჯელობის სინდრომი, ის, რომ წახალისებულია კრიმინალი“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

სახალხო დამცველის აპარატმა რამდენიმე პენიტენციურ დაწესებულებაში ჩატარებული მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა. მონიტორინგი N2, N8, N14 და N15 პენიტენციური დაწესებულებებში ჩატარდა. ანგარიშში მითითებულია, რომ სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, დაწესებულებებში არ არის ძალადობისგან თავისუფალი გარემო, რაც ვლინდება პატიმართა შორის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში, ციხის კრიმინალური სუბკულტურის არსებობასა და დეესკალაციის, სამარტოო, შიდა კლასიფიკაციის საკნების ხანგრძლივად, არამიზნობრივად დასჯის მიზნით გამოყენებაში.