ანა ნაცვლიშვილი - „ქართული ოცნება“ მიმართავს ხრიკს, პარტია გაყონ და ამომრჩეველი არ დაკარგონ, ტაქტიკური ხრიკი მარტივად გასაშიფრია
ანა ნაცვლიშვილი - „ქართული ოცნება“ მიმართავს ხრიკს, პარტია გაყონ და ამომრჩეველი არ დაკარგონ, ტაქტიკური ხრიკი მარტივად გასაშიფრია

„ქართულმა ოცნებამ“ რომ შეძლოს და შეინარჩუნოს როგორც პროდასავლელი ამომრჩეველი, ასევე ამომრჩეველი, რომელიც იჯერებს პროპაგანდისტულ მესიჯებს, ამას ერთი პარტიის ფარგლებში ვერ ახერხებენ. ამიტომ მიმართეს ხრიკს, პარტია გაყონ და ჯამში ამომრჩეველი არ დაკარგონ, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნებისთვის“ ამომრჩევლის დაკარგა გარდაუვალია.

„პროცესი, რასაც ახლა საზოგადოება თვალს ადევნებს, არის „ქართული ოცნების“ ელექტორალური კრიზისი. აქამდე „ქართულ ოცნებას“ სხვადასხვა ტიპის ამომრჩეველი უჭერდა მხარს, მათ შორის ის ამომრჩეველი, ვისაც სწამს, რომ საქართველოს მშვიდობიანი, დემოკრატიული განვითარება არის დასავლეთის წიაღში. ეს ამომრჩეველი „ქართულ ოცნებას“ ტოვებს. ამას არაერთი კვლევა ადასტურებს, რომელიც საჯარო არ არის, მაგრამ მასზე ბევრ პოლიტიკოსს და ანალიტიკოსს მიუწვდება ხელი. იმისთვის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შეძლოს და შეინარჩუნოს როგორც პროდასავლელი ამომრჩეველი, ასევე ამომრჩეველი, რომელიც იჯერებს პროპაგანდისტულ მესიჯებს, ამას ერთი პარტიის ფარგლებში ვერ ახერხებენ. ამიტომ მიმართეს ხრიკს, რომ პარტია გაყონ და ჯამში ამომრჩეველი არ დაკარგონ. „ქართული ოცნებისთვის“ ამომრჩევლის დაკარგა არის გარდაუვალი, პროცესი დაწყებულია და არის შეუქცევადი. ამომრჩეველი, რომელიც წლების განმავლობაში ამ პარტიას უცხადებდა ნდობას, ახლა ხვდება, რომ სინამდვილეში, მათ ქვეყანა დასავლეთისკენ არ მიჰყავთ. არსებობს ამომრჩეველთა მეორე ჯგუფი, რომელთაც ძალადობასა და ზიზღზე დაფუძნებული, ანტიდასავლური რიტორიკა მოსწონს. ესენი ერთად ვეღარ თავსდებიან. ამიტომ საჭიროა პოლიტიკოსების გაყოფა, ახლა ეს მანევრია. ეს არის იგივე „ქართული ოცნება“, მაგრამ აქ არის ტაქტიკური ხრიკი, რაც მარტივად გასაშიფრი და დასანახია. იმ მიზნით, რომ ამომრჩეველთა სხვადასხვა ჯგუფი არ დაკარგონ, ამ ხერხს მიმართეს“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.