ანა ნაცვლიშვილი - ჩვენს თვალწინ განვითარებული პროცესები არის მართული და ალბათ უფრო დრამატული გაგრძელება იგეგმება
ანა ნაცვლიშვილი - ჩვენს თვალწინ განვითარებული პროცესები არის მართული და ალბათ უფრო დრამატული გაგრძელება იგეგმება

პროცესები, რომლებიც ჩვენს თვალწინ ვითარდება, არის მართული და ალბათ უფრო დრამატული გაგრძელება იგეგმება,- ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ პრესსპიკერმა ანა ნაცვლიშვილმა ბოლო პერიოდში ეკლესიის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.

ნაცვლიშვილის შეფასებით, აღნიშნული იმ გაუმჭვირვალე და არაჯანსაღი პროცესების, ურთიერთობის შედეგია, რომლებიც  წლების განმავლობაში, ყველა ხელისუფლების დროს, სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის არსებობდა.

ნაცვლიშვილის თქმით, ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობები კონსტიტუციაშია გაწერილია და სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, ყველამ ამით უნდა იხელმძღვანელოს.

„ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო გზამკვლევი ამ ქვეყნის კონსტიტუციაში გაწერილი, რა არის ეკლესიის და რა არის სახელმწიფოს როლი, რა არის მათ შორის ურთიერთმიმართება და ამ გზავნილით უნდა ვიხელმძღვანელოთ ყველამ. ეს არის სახელმწიფოს ინტერესებში და ამის საწინააღმდეგო ქმედებებს ვუყურებთ ჩვენ წლებია ჩვენი ხელისუფლების მხრიდან, როდესაც ის ებრძვის და ანგრევს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტს, ახლა უკვე გადასულია არასახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევაზე, მითვისებასა და დისკრედიტაციაზე. ეს არის მათი ხელწერა, რომ ამ ქვეყანაში არ უნდა არსებობდეს ინსტიტუტი, რომელსაც საზოგადოების რაიმე მნიშვნელოვანი ნაწილის ნდობა აქვს. რა თქმა უნდა, მე აქ ვხედავ საქართველოს ღია და გაცხადებული მტრების ინტერესებსაც, რომლებიც ცდილობენ იმ მნიშვნელოვან ინსტიტუციებზე, რასაც საზოგადოებრივ აზრზე გავლენა აქვს, შეინარჩუნონ გავლენა“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ამასთან, ანა ნაცვლიშვილმა მედიის კითხვას მეუფე იაკობის მხრიდან გაკეთებულ ბრალდებებთან დაკავშირებითაც უპასუხა.

„სახელმწიფოს თუ ჯერ კიდევ შერჩა თავისი ფუნქციის განხორციელების უნარი, მსგავსი საკითხები არ უნდა იყოს დამოკიდებული იმაზე, ვის რა გვჯერა. თუ ჩვენ ვცხოვრობთ სახელმწიფოში, მსგავს განცხადებებს უნდა მოჰყვეს საერო ხელისუფლების მხრიდან, საერო სამართალზე დაფუძნებული რეაგირება, რაც გულისხმობს ამ შემთხვევაში გამოძიების დაწყებას“,- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.