ანა ნაცვლიშვილი პრემიერ-მინისტრს - ტყუილი იყო, რაშიც ყველას არწმუნებდით, რომ ივნისის ბოლოს 12 რეკომენდაცია იქნებოდა შესრულებული, ტყუილი მძიმე დანაშაულია
ანა ნაცვლიშვილი პრემიერ-მინისტრს - ტყუილი იყო, რაშიც ყველას არწმუნებდით, რომ ივნისის ბოლოს 12 რეკომენდაცია იქნებოდა შესრულებული, ტყუილი მძიმე დანაშაულია

თქვენ რომ სხვა რეალობაში ცხოვრობთ, ეს ვიცით. თქვენ რომ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გაქვთ, ესეც ვიცით. საქართველოს მოქალაქეებს არ აქვთ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. საქართველოს მოქალაქეებს არ აქვთ ის პრივილეგიები, რაც გაქვთ თქვენ, – ასე მიმართა პოლიტიკური ჯგუფის, „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს.

ნაცვლიშვილის თქმით, ტყუილი იყო, რაშიც ირაკლი ღარიბაშვილი ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ არწმუნებდა ყველას, რომ ივნისის ბოლოს 12 რეკომენდაცია იქნებოდა შესრულებული.

„ბევრი ტყუილი ითქვა აქ ზიზღით. არ ვიცი, სად იპოვეთ ამდენი ძალა ზიზღისთვის. აცნობიერებთ თუ არა, რომ ის კორიანტელი, რომელიც დღეს აქ დააყენეთ, კონკრეტულ ადამიანებს საფრთხეს შეუქმნის. ტყუილი იყო, რაშიც თქვენ ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ არწმუნებდით ყველას, რომ ივნისის ბოლოს 12 რეკომენდაცია იქნებოდა შესრულებული. სად არის შესრულებული რეკომენდაციები? სტოკჰოლმში გითხრეს, რომ შესრულებულია 12-დან სამი რეკომენდაცია. ვერ გაიგეთ, ეს რომ გითხრეს? ტყუილი მძიმე დანაშაულია, განსაკუთრებით, როდესაც სახელმწიფო ინტერესს ეხება საქმე და ამ ტყუილზე ვინ აიღებს პასუხისმგებლობას? არ გრცხვენიათ, რომ მთელი თვეების განმავლობაში იდექით და ამბობდით ტყუილს, რომელიც საპნის ბუშტივით გასკდა“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.