ანა ნაცვლიშვილი - პოლიტიკური ნება უნდა იყოს დემონსტრირებული, სხვა შემთხვევაში 12 პუნქტი ვერ შესრულდება და იქნება „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობა
ანა ნაცვლიშვილი - პოლიტიკური ნება უნდა იყოს დემონსტრირებული, სხვა შემთხვევაში 12 პუნქტი ვერ შესრულდება და იქნება „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობა

პოლიტიკური ნება უნდა იყოს დემონსტრირებული, სხვა შემთხვევაში ეს 12 პუნქტი ვერ შესრულდება და იქნება „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობა, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა ევროპარლამენტის დელეგაციის წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ნაცვლიშვილი ამბობს, რომ რიგგარეშე სესიაზე უარის ნაცვლად, „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკური ნება და მუშაობისთვის მზაობა უნდა აჩვენოს.

რაც შეეხება ევროპარლამენტარების მოწოდებას, ოპოზიციის ყველა წარმომადგენელი ჩაერთოს მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულ პროცესში და შესაბამისად, სამუშაო ჯგუფებში, ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ასეთი პოზიცია ევროპარლამენტარებმა შეხვედრაზე ნამდვილად დააფიქსირეს.

„ეს არის ნამდვილად მათი პოზიცია, თუმცა ეს იყო კოლეგებს შორის შეხვედრა. გადაწყვეტილება უნდა მიიღოს თავად პოლიტიკოსმა, ევროპარლამენტი ვერ მოგიწოდებს, რომ შენ შეცვალო პოზიცია. მათ მკაფიოდ დააფიქსირეს, თავად როგორ მიაჩნიათ და თავად როგორ მოიქცეოდნენ. თუ თქვენ გაქვთ სამუშაო ჯგუფების შექმნის ერთი დადგენილება მაინც, როგორ უნდა იმუშაონ ამ ჯგუფებმა, რა არის პროცესი, პროცედურა, ვინ არიან წევრები, ვის აქვს კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება და ვის არა, გეტყოდით, რომ პროცესი არსებობს. დღეს ჩემთვის პროცესი არ არსებობს. თუ ეს პროცესი შეიქმნა, შემდეგ გავაგრძელოთ საუბარი“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.