ანა ნაცვლიშვილი - პირადად ვიცნობ ცესკო-ს თავმჯდომარეობის ორივე კანდიდატს, განსაკუთრებით, გიორგი სანტურიანს და არც მას დავუჭერ მხარს
ანა ნაცვლიშვილი - პირადად ვიცნობ ცესკო-ს თავმჯდომარეობის ორივე კანდიდატს, განსაკუთრებით, გიორგი სანტურიანს და არც მას დავუჭერ მხარს

საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეული ცესკო-ს თავმჯდომარეობის ორივე კანდიდატი წარმოადგენს კადრს უკიდურესად დაზიანებული რეპუტაციის სისტემიდან, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პირადად იცნობს ორივე კანდიდატს – გიორგი კალანდარიშვილს და გიორგი სანტურიანს, და არ აპირებს მათ მხარდაჭერას.

„უპირველესად, პრობლემა არის ის, რომ ორივე კანდიდატი, რომელიც გადავიდა შემდეგ ეტაპზე, წარმოადგენს კადრს სისტემის შიგნიდან და ეს სისტემა არის უკიდურესად დაზიანებული თავისი რეპუტაციით. ერთადერთი, რასაც შეუძლია ცესკო-ს მიმართ ნდობა გააჩინოს საზოგადოებაში, იქნება უზადო რეპუტაციის მქონე კადრი გარედან, რომელსაც არ მოჰყვება არასაჭირო და არასასურველი მემკვიდრეობა, იყოს სისტემის ნაწილი.

პირადად ვიცნობ ორივე კანდიდატს, განსაკუთრებით, გიორგი სანტურიანს, და მის მიმართ ჩემი პერსონალური დამოკიდებულების მიუხედავად, არც მას დავუჭერ მხარს, რადგან ის არის სისტემის ნაწილი. ნდობა აქ გადამწყვეტია. ჩემი აზრით, ერთადერთი სწორი ნაბიჯი იქნება ის, რომ თავიდან მოხდეს კონკურსის ჩატარება და მათ შორის პოლიტიკურმა სპექტრმა ერთობლივად, ღიად, საჯაროდ ვიმუშაოთ, რათა ამ კონკურსს მეტმა სათანადო კვალიფიკაციისა და კომპეტენციის კადრმა გამოუცხადოს ნდობა და შემოიტანოს განაცხადი. როცა სისტემის გარედან ძალიან ცოტამ შემოიტანა განაცხადი, ფაქტობრივად უკვე ჩანდა, რომ ეს პროცესი ვერ წარიმართებოდა იმ სტანდარტით, რა სტანდარტიც სჭირდება დღეს საქმეს“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის მსურველებთან გასაუბრების პროცესი დასრულებულია. საკონკურსო კომისიამ ცესკო-ს თავმჯდომარეობის ორი, ხოლო წევრობის ხუთი კანდიდატი შეარჩია.

კომისიის გადაწყვეტილებით, ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატებად შერჩეულნი არიან გიორგი კალანდარიშვილი და გიორგი სანტურიანი, ხოლო წევრობის კანდიდატებად – გია ცაცაშვილი, ანა მიქელაძე, ლელა ტალიური, მაია ზარიძე და თამარა სართანია.