ანა ნაცვლიშვილი - პარლამენტის დარბაზში რაც მოხდა, არის ძალიან მძიმე, მაგრამ ამავე დროს ნათელი დემონსტრაცია, რას მოიტანს ქვეყანაში რუსული კანონის მიღება, ეს გამოიწვევს სამოქალაქო დაპირისპირებას
ანა ნაცვლიშვილი - პარლამენტის დარბაზში რაც მოხდა, არის ძალიან მძიმე, მაგრამ ამავე დროს ნათელი დემონსტრაცია, რას მოიტანს ქვეყანაში რუსული კანონის მიღება, ეს გამოიწვევს სამოქალაქო დაპირისპირებას

პარტია „ლელოს“ წევრი ანა ნაცვლიშვილი ალეკო ელისაშვილის მიერ მამუკა მდინარაძისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მსგავს საქციელს ვერასდროს გაამართლებს.

ნაცვლიშვილის თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში ასეთი ფაქტები ყოველდღიურობა გახდება.

ანა ნაცვლიშვილის განმარტებით, დაუშვებელია, სახელმწიფომ მიიღოს კანონი, რომელიც მოქალაქეებს აბრალებს უცხო ქვეყნის მსახურებას და ამაზე აკეთებს რეესტრს.

„არასდროს მომიწონებია და არც მომავალში მოვიწონებ, ასეთ საქციელს ვერც წარსულში, ვერც ახლა და ვერც მომავალში ვერ გავამართლებ. ზუსტად ამიტომ ვეწინააღმდეგები კანონპროექტს, რომლის მიღების შემთხვევაში, რაც ახლა მოხდა, ეს გახდება ყოველდღიურობა. სამწუხაროდ, ის, რაც პარლამენტის დარბაზში მოხდა, არის ძალიან მძიმე, მაგრამ ამავე დროს ნათელი დემონსტრაცია, რას მოიტანს ქვეყანაში რუსული კანონის მიღება. რაც ნახეთ – და არ მგონია, რომ მოგეწონათ – ეს მოხდება. ასეთი სამოქალაქო დაპირისპირების, ადამიანების ერთმანეთზე გადაკიდების და იარლიყების მიკერების კანონია ეს რუსული კანონი. ეს რომ არ მომწონს, რუსულ კანონს ამიტომ ვეწინააღმდეგები. დაუშვებელია, სახელმწიფომ მიიღოს კანონი, რომელიც მოქალაქეებს აბრალებს უცხო ქვეყნის მსახურებას და ამაზე აკეთებს რეესტრს, შემოაქვს დასმენის ინსტიტუტი. ეს გამოიწვევს საშინელ სამოქალაქო დაპირისპირებას. ეს ჩაითრევს საზოგადოებას ისეთ მორევში, საიდანაც ათწლეულების განმავლობაში ვეღარ ამოვალთ. ამიტომ არა რუსულ კანონს. ამის დაშვება არ შეიძლება“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს განიხილავენ, ალეკო ელისაშვილმა მამუკა მდინარაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.