ანა ნაცვლიშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ბრძოლის ეტაპი პარლამენტში უნდა გადმოიტანონ
ანა ნაცვლიშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ბრძოლის ეტაპი პარლამენტში უნდა გადმოიტანონ

ჩვენ მყარად გვაქვს ჩამოყალიბებული პოზიცია. მივიჩნევთ, რომ ყველა ადამიანმა, ვისაც აქვს მანდატი, უნდა გამოიყენოს, რადგან დღეს ოპოზიციას და ქვეყანას არ აქვს იმის ფუფუნება, მიღწეული შეთანხმების გათვალისწინებით, რომ არ გამოვიყენოთ საპარლამენტო ბრძოლის ინსტრუმენტი, – ამის შესხებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

ნაცვლიშვილს მიაჩნია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმაც უნდა გამოიყენონ თავიანთი მანდატი პარლამენტში შევიდნენ.

„მიმაჩნია, რომ ყველამ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმაც უნდა გამოიყენონ თავიანთი მანდატი და ბრძოლის ახალი ეტაპი გადმოიტანონ საქართველოს პარლამენტში. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არის პარტიის გადასაწყვეტი. ვიცით, რომ ინტენსიური მსჯელობა მიმდინარეობს, ისინი უნდა დაეკითხონ ამომრჩეველსაც. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. შეთანხმება, რომელიც მიშელის მედიაციით მოხერხდა, არ წყვეტდა მარტო პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხს.

აქ მნიშვნელოვნად დგას საკითხი, საქართველოს საგარეო ორიენტაციის შესახებ და საქართველოს, როგორც სახელმწიფოს შესახებ, როგორი იქნება აღქმა და ურთიერთობა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან. ჩემთვის ძალიან ნათელია, რომ თუ პოლიტიკური ძალა ამბობს, მას სურს, ეს ქვეყანა იხილოს ევროკავშირში და საქართველო განვითარდეს ევროატლანტიკური მიმართულებით, მაშინ გაუგებარი იქნება ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მედიაციით მიღწეული შეთანხმებაზე ხელის არ მოწერა. ეს არ არის შესვლა-არშესვლის საკითხი, ეს არის საკითხი, როგორ აგრძელებს ეს ქვეყანა წინსვლას და ამ პროცესში რა როლი აქვს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს. ვისურვებდი, რომ ამ შეთანხმების ირგვლივ გაფართოვდეს პოლიტიკური კონსენსუსი. საკითხის ასეთი დაყენება ისე, რომ შესვლით ან არშესვლით, რომელი პარტია რას იგებს ან რას აგებს, არის ძალიან მცდარი, მეტიც არასახელმწიფოებრივი“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.