ანა ნაცვლიშვილი ოხანაშვილს პასუხობს – ბოლო შემთხვევა იყოს, როდესაც ვინმე გაბედავს და პარლამენტის არჩეულ დეპუტატს მითითებას მისცემს, როდის იჯდეს სხდომაზე და როდის – არა

14:29, 29.04.2021

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წევრი ანა ნაცვლიშვილი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილს პასუხობს, თუ რატომ არ მიიღო მონაწილეობა განხილვაში, რომელიც სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებს ეხება.

ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ დღემდე მოქალაქეებთან ანგარიშსწორება საბჭოთა კანონით ხდება.

„მოდით, ნუ მოვიტყუებთ თავს. გასაგებია, რომ აქ როლები განაწილებულია, მაგრამ შეგვიძლია სიმართლის დამნახავის როლიც ავირჩიოთ. ზოგჯერ ეგეც შეგვიძლია გავაკეთოთ. ახლა რაშია საქმე, მე უკვე აღვნიშნე, რომ ეს არის 1984 წლის კანონი. სირცხვილია, მათ შორის ყველა მოწვევის პარლამენტის, რომ დემოკრატიულ საქართველოში საბჭოთა კანონი არსებობს, ალბათ საბჭოთა მენტალობაზე მიუთითებს, რომ დღემდე 1984 წლის კანონით ხდება მოქალაქეებთან ანგარიშსწორება. ამ კანონპროექტს არ ჰქვია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები, ამას ჰქვია „ქართულ ოცნებას“ ეშინია” კანონი.

გეშინიათ ხალხის პროტესტის, რომელიც მხოლოდ მოიმატებს, არ მოიკლებს. მათ შორის გაზრდილი სანქციები ვერ შეაშინებთ მოქალაქეებს. მეორე – გეშინიათ, რომ პოლიციელები ჩამოგეშლებიან, რადგან იმ ადამიანებს, მიუხედავად იმისა, რომ უკანონო და უღირს ბრძანებებს აძლევთ და, სამწუხაროდ, ბევრი მათგანი ამას ასრულებს, მათ ჰყავთ ოჯახები და აქვთ ღირსება. არავის არ უნდა, თქვენ გამო ესროდნენ ტალახს, ეძახდნენ მონას. გეშინიათ, რომ ეს საპოლიციო სისტემა ჩამოგეშლებათ. ამიტომ გინდათ ამ კანონპროექტის მიღება. შიში ქვია ამას და არა საკანონმდებლო ცვლილებები.

ახლა ვისაუბროთ სამართლებრივად. კონსტიტუციაში გვიწერია, ვისაც ჯერ არ გინახავთ გირჩევთ, რომ 34-ე მუხლი წაიკითხოთ, ადამიანის ძირითადი უფლებების შეზღუდვა უნდა შეესაბამებოდეს იმ ლეგიტიმური მიზნის მნიშვნელობას, რომლის მიღწევასაც ის ემსახურება. რა ლეგიტიმური მიზანი გაქვთ? სტატისტიკის შემცირებას ცდილობთ? განმარტებით ბარათში მარტო ეს წერია, ბოლო წლებში მოიმატაო ამ სამართალდარღვევებმაო. თქვენ რომ სამართალდარღვევას ეძახით, რეალურად ეს არის ადამიანების სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, შეკრების თავისუფლება. აქ გაიჟღერა ევროპის ქვეყნებში როგორ ხდებაო. ევროპის ქვეყნებში სხვანაირი სასამართლოა, ესეც არ დაგვავიწყდეს. 48 საათზე მითითებას რაც შეეხება, არაუმეტეს 48 საათისაო და არა აუცილებლად 48 საათიო. კიდევ ძალიან მნიშვნელოვანია, ხომ არ დაინტერესდებოდით კომიტეტზე, რომ განიხილავდით ამ საკითხს, სასამართლო პრაქტიკა ამოგეღოთ, რა ხდება. სასამართლოები უსჯიან ამ ადამიანებს ჯარიმებს და ზოგჯერ ციხეს იმისთვის, რასაც აი, ეს დოკუმენტი სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას არქმევს და ეს დოკუმენტი უზენაესია“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ამასთან, ნაცვლიშვილმა შეაფასა ფაქტი, როდესაც ოპოზიციის წარმომადგენლებს პარლამენტში აქციის ფონზე მოუწიათ შესვლა. მისი თქმით, მას, როგორც საჯარო პირს და პოლიტიკოსს, აქვს თმენის ვალდებულება.

„მოგეწონათო ის პროტესტი, რითიც შემოხვედით პარლამენტშიო? კი, ძალიან მომეწონა, რადგან ამ ქვეყანაში ყველას, ვისი მომხრეც არ უნდა იყოს ის და ვისი მოწინააღმდეგე, დოკუმენტი იცავს თანასწორად. მე, როგორც საჯარო პირს და პოლიტიკოსს, მაქვს თმენის ვალდებულება, მოვითმინო, მიუხედავად იმისა, მომწონს, თუ არა. თუ ეს არ გაქვთ გააზრებული, ძალიან ცუდია. ამიტომ მოგიწევთ მოითმინოთ, როდესაც დაგიძახებენ მონას, მოგწონთ ეს თუ არ მოგწონთ, ვეთანხმებით ამ გამოთქმას თუ არ ვეთანხმებით“, – აღნიშნა ნაცვლიშვილმა.

ამასთან, სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებზე საუბრისას ნაცვლიშვილმა აღნიშნა, რომ  მისთვის გაუგებარია, რა ლეგიტიმური მიზანი აქვს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების შემზღუდავ და რეპრესიული სანქციების დამწესებელი კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას.

„ახლა რაც შეეხება დაჩქარებულ განხილვას, კი, დაჩქარებული განხილვა არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. რა ლეგიტიმური მიზანი აქვს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების შემზღუდავ და რეპრესიული სანქციების დამწესებელი კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას, როდესაც არავისთვის მოგიკითხავთ აზრი და სახალხო დამცველის მოადგილეს, ძალიან კვალიფიციურ ადამიანს მხოლოდ იმიტომ ჰქონდა შესაძლებლობა გუშინ დასწრებოდა განხილვას, რომ მას თანამდებობრივად აქვს საშვი. ხოლო ვერც ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ამ შესაძლებლობით ვერ სარგებლობს და ჩახსენით. აი, ასე ტექნიკურად ჩახსენით საკომიტეტო მოსმენიდან. მაგარია, ამისთვის არსებობს პარლამენტი. ვის ჰკითხეთ აზრი, ვენეციის კომისიას, ეუთო-ს, რით არის გამყარებული ეს თქვენი რეპრესიული კანონპროექტი. რომელიმე ერთი მაგალითი მაინც რომ მოგეყვანათ სტრასბურგის იურისპრუდენციიდან, თუ ასე მაგარი კანონპროექტია და ასეთი შესაბამი ევროპულ სტანდარტებთან, ერთი „ქეისი“ ვერ იპოვეთ?

რაც შეეხება მითითებას საკონსტიტუციო სასამართლოზე, ეს არის ტყუილი. საკონსტიტუციო სასამართლომ გითხრათ, გაათანასწორეთო, კი არ გააუარესოთ ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა, გააუმჯობესეთო და თქვენ კიდევ ზედა ზღვრისკენ წაიყვანეთ პროცესი. ანუ მოქალაქის საუარესოდ დააწესეთ თანასწორობა. ახალი სტანდარტი და მიღწევაა კონსტიტუციის დაცვაში. ამ კონსტიტუციას, ისევე როგორც ნებისმიერ კანონს, აქვს ტექსტი და სულისკვეთება. კონსტიტუციის მთავარი დანიშნულება არის თავისუფლების დაცვა. კანონის მთავარი დანიშნულებაც არის, ადამიანის თავისუფლება დაიცვას და თქვენ გაქვთ თმენის ვალდებულება. უნდა ჩაიხედოთ საკუთარ თავებში და მიხვდეთ, რომ თქვენი პრობლემაა, როცა პროტესტი იმატებს ბოლო სამი წლის განმავლობაში. გარანტიას მოგცემთ, ეს პროტესტი მოიმატებს და მოიმატებს არა იმიტომ, რომ ადამიანებს უხარიათ ქუჩაში ყოფნა ან კარავში ყოფნა, არამედ იმიტომ, რომ მათ აქვთ უფლება, მოითხოვონ მიტაცებული სახელმწიფოს დაბრუნება მოქალაქეებისთვის. მათ აქვთ უფლება, მოითხოვონ სამართლიანი სასამართლო, მოითხოვონ მეტი ინვესტიცია, მოითხოვონ პური, რომელსაც არ აძლევთ და ამიტომ გჭირდებათ ყოველ დღე ახალი სანახაობის დადგმა“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ანა ნაცვლიშვილმა ასევე ანრი ოხანაშვილის საპასუხოდ აღნიშნა, რომ არავის აქვს უფლება, მითითება მისცეს დეპუტატს, როდის იყოს პარლამენტში და როდის – არა.

„ბოლო შემთხვევა იყოს, როდესაც ვინმე გაბედავს და თავს უფლებას მისცემს, საქართველოს პარლამენტის არჩეულ დეპუტატს, რომლის მანდატიც არის თავისუფალი, როდის იჯდეს სხდომაზე და როდის – არა. თქვენ ამის უფლება არ გაქვთ. არ ვაძლევ ჩემს თავს უფლებას, რომ მიგითითოთ, როდის უნდა ისხდეთ სხდომებზე და როდის, რას აკეთებდეთ. ამიტომ ეს არის ძალიან ცუდი, თუ ვინმეს ჰგონია, რომ შეუძლია, სხვისი კრიტიკით დაკავდეს, თავისუფალი მანდატი შეუზღუდოს და უთხრას, რომ აი, ახლა შენ აქ უნდა იჯდე და სხვა დროს არ უნდა იჯდე. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, შიშის შეჩერება შეუძლებელია კანონით, კანონი ვერ დაგიცავთ, რადგან მოქალაქეებს აღარ ეშინიათ თქვენი, თქვენ გეშინიათ მათი. გეშინიათ საპოლიციო სისტემის ჩამოქცევის და ეს აუცილებლად მოხდება“, – აღნიშნა ნაცვლიშვილმა.

შეგახსენებთ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა პარლამენტში პლენარულის სხდომაზე პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წევრს ანა ნაცვლისვილს მიმართა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებმა სხდომებზე დასწრების ვალდებულება აიღეს, თუმცა სკამები მაინც ცარიელია.

 

მსგავსი