ანა ნაცვლიშვილი – მნიშვნელოვანია კარლ ჰარცელის და კელი დეგნანის წერილის შინაარსი, დრო და კონტექსტი, მადლობა პარტნიორებს, რომლებიც წლებია, სასამართლოს დამოუკიდებლობის სადარაჯოზე დგანან
მნიშვნელოვანია კარლ ჰარცელის და კელი დეგნანის წერილის შინაარსი, დრო და კონტექსტი, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მოსამართლეთა კონფერენციის 26 მაისს დანიშვნა მცდელობაა, რომ პარლამენტს დაასწრონ.
ნაცვლიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია მორატორიუმი გამოცხადდეს უზენაეს სასამართლოსა და იუსტიციის საბჭოში ახალი წევრების არჩევაზე.
„ოთხშაბათს მე დავარეგისტრირე კანონპროექტი, რომელიც ეხება მორატორიუმის გამოცხადებას უზენაეს სასამართლოსა და იუსტიციის საბჭოში ახალი წევრების არჩევაზე, სანამ პარლამენტს ექნება სრულყოფილი შესაძლებლობა, რომ რეფორმის ფარგლებში იმსჯელოს და დაარეგულიროს არჩევის წესი, პროცედურა, კრიტერიუმი და ა.შ. ხუთშაბათს საჯაროდ გაცხადდა, რომ მოსამართლეთა კონფერენცია ინიშნება 26 მაისს. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, მორატორიუმის გამოცხადება. ჩემი კანონპროექტის მეშვეობით, ეს უკვე სამართლებრივადაც შესაძლებლი იქნება. პარლამენტმა უნდა იმუშაოს სწრაფად და ეფექტურად, რათა რეფორმის ის ნაწილი რაც შეიძლება დროულად განხორციელდეს და შეიქმნას სათანადო პროცედურული გარანტიები.
წერილი მიემართება უშუალოდ პარლამენტის თავმჯდომარეს. მნიშვნელოვანია წერილის შინაარსიც, დროც, სულისკვეთებაც და კონტექსტიც და მინდა ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რომლებიც წლებია, დგანან სასამართლოს დამოუკიდებლობის სადარაჯოზე. იმ პირობებში, როდესაც სიღრმისეული სასამართლო რეფორმა საჯაროდ არის დაანონსებული, მოსამართლეთა კონფერენციის მხრიდან ეს მოქმედება სხვანაირად ვერ აიხსნება, თუ არა მცდელობა, რომ დაასწრონ პარლამენტს. დიდი იმედი მაქვს, ეს ვერ მოხდება“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.