ანა ნაცვლიშვილი - „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით მუშაობა გრძელდება
ანა ნაცვლიშვილი - „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით მუშაობა გრძელდება

„მაუწყებლობის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით მუშაობა გრძელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, პრეზიდენტს 15 იანვარს აქვს ბოლო ვადა, როდესაც უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, მოაწერს თუ არა ამ კანონპროექტს ხელს.

ნაცვლიშვილის განცხადებით, პრეზიდენტის მიერ გადაწყვეტილება ყველა რისკისა და დასაბუთებული არგუმენტის აწონ-დაწონის საფუძველზე იქნება მიღებული.

„ამ კანონპროექტის თავდაპირველ ვერსიაში გარკვეული ცვლილებები განხორციელდა, თუმცა არაერთი მოსაზრება არსებობს იმის თაობაზე, რომ ამ კანონპროექტში არის მნიშვნელოვანი რისკები, რომლებმაც შესაძლებელია საზოგადოებრივი მაუწყებლის ეფექტურ ფუნქციონირებას და მის ბუნებას საფრთხეები შეუქმნას.

ჩვენ ამ რისკებს, ყველა არგუმენტსა და დასაბუთებულ პოზიციას აქტიურად ვაანალიზებთ, რომელიც ამ საკითხთან მიმართებაში აქამდე იყო გამოხატული. საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული სწორედ ამ არგუმენტების აწონ-დაწონის საფუძველზე იქნება.

მთავარია, რომ კანონმა შექმნას საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობის გარანტიები, არ შექმნას რისკები მისი უნიკალური ბუნებისთვის, ემსახუროს არა რომელიმე პოლიტიკურ თუ კომერციულ, არამედ ფართო საზოგადოებრივ ინტერესებს“,- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ამასთან, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი ხვალ „მაუწყებლობის შესახებ” საკანონმდებლო პაკეტზე სასაუბროდ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება.