ანა ნაცვლიშვილი - მართლმსაჯულებისადმი ნულოვანი ნდობის პირობებში, ნებისმიერი პირის, განსაკუთრებით ყოფილი პრეზიდენტის გასამართლება სამართლიანობის აღდგენას ვერ უზრუნველყოფს
ანა ნაცვლიშვილი - მართლმსაჯულებისადმი ნულოვანი ნდობის პირობებში, ნებისმიერი პირის, განსაკუთრებით ყოფილი პრეზიდენტის გასამართლება სამართლიანობის აღდგენას ვერ უზრუნველყოფს

მართლმსაჯულების სისტემას ნულოვანი ნდობა როცა აქვს, მის მიერ ადამიანის უფლებების სავარაუდო დარღვევის გამო ნებისმიერი პირის, განსაკუთრებით ყოფილი პრეზიდენტის გასამართლება ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით კითხვებს ვერ დაასრულებს, – ამის შესახებ ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მართლმსაჯულების სისტემას ნულოვანი ნდობა აქვს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ.

ნაცვლიშვილმა კომენტარი გააკეთა ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას ინიციატივით მომზადდა წერილი, რომლის მიხედვით, „მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა უნდა შეწყდეს სამართლიან სასამართლო პროცესამდე“.

„მართლმსაჯულების სისტემას ნულოვანი ნდობა აქვს დამოუკიდებელ აქტორებში როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ. როცა მართლმსაჯულების სისტემას ნულოვანი ნდობა აქვს, მის მიერ ადამიანის უფლებების სავარაუდო დარღვევის გამო ნებისმიერი პირის, განსაკუთრებით ყოფილი პრეზიდენტის გასამართლება ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით კითხვებს ვერ დაასრულებს და სამართლიანობის აღდგენას ვერ უზრუნველყოფს. ის, რომ აღდგეს შელახული უფლებები და თან კითხვების გარეშე, სწორი წესით და სამომავლოდ ასეთი დანაშაულების პრევენცია მოხდეს, ამას გამართული მართლმსაჯულება სჭირდება, რომელიც დღეს არ არსებობს. სამართლიანობის აღდგენის სახელით მიმდინარე პროცესები არის არა სამართლიანობის აღდგენა, არამედ მართლმსაჯულების „ფეიკი“, რომელიც არის დაზარალებულთა და უფლებადამცველთა შეურაცხყოფა. მშვიდობა და სამართალი გაჩნდება სამართლიანი სასამართლოს ხელით და არა ლევან მურუსიძის ხელით“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.