ანა ნაცვლიშვილი - მამხნევებს ხალხის სურვილი, ნახონ ფუნქციური, სრულყოფილი, მრავალფეროვანი პარლამენტი, სწორედ ამისთვის ვიბრძვით
ანა ნაცვლიშვილი - მამხნევებს ხალხის სურვილი, ნახონ ფუნქციური, სრულყოფილი, მრავალფეროვანი პარლამენტი, სწორედ ამისთვის ვიბრძვით

მამხნევებს ხალხის სურვილი, ნახონ ფუნქციური, სრულყოფილი, მრავალფეროვანი პარლამენტი, სწორედ ამისთვის ვიბრძვით, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა“, ანა ნაცვლიშვილმა „აირაის“ კვლევის კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია იბრძვის, რომ არჩევნების შედეგად მიღებული მანდატები მაქსიმალურად იყოს გამოყენებული, რათა ხალხისთვის მნიშვნელოვანი საკითხები მოაგვარონ.

„ვეთანხმები იმ ნაწილს, რომელსაც აქვს სურვილი, რომ ოპოზიცია, მათ შორის „ლელო“ წარმოდგენილი იყოს პარლამენტში. მეტიც, იმიტომ მივიღეთ 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობა, რომ ჩვენი სურვილია სწორედ საპარლამენტო ფორმატში წარვმართოთ ჩვენი პოლიტიკური ცხოვრება, თუმცა ჩვენ არ გვაქვს ასეთი გულუბვრყვილო წარმოდგენა, რომ პარლამენტში მხოლოდ ფიზიკურად ყოფნა მიაღწევს იმ მიზნებს, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს სჭირდებათ. ამ კვლევაში ეს კარგად აისახა. ამიტომ ჩვენ ვიბრძვით, რომ 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგები, მანდატები, რომელიც მოგვაკუთვნა ცესკო-მ, მაქსიმალურად იყოს გამოყენებული, არა მხოლოდ იმიტომ, რომ შევავსოთ სკამები, არამედ იმიტომ, რომ პარლამენტში შევიდეთ შესაძლებლობით, მოვაგვაროთ საკითხები, რომლებიც ხალხს აწუხებს.

მამხნევებს ხალხის სურვილი, პარლამენტი ნახონ როგორც ფუნქციური, სრულყოფილი, მრავალფეროვანი ორგანო. სწორედ ასეთი პარლამენტისთვის ვიბრძვით ჩვენ. განწყობილი ვართ, რომ ცივილიზებული მოლაპარაკების ფორმატის მეშვეობით განიმუხტოს პოლიტიკური კრიზისი“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის მიხედვით, ოპოზიციური პარტიების საპარლამენტო საქმიანობის ბოიკოტირებას გამოკითხულთა 42 პროცენტი კატეგორიულად არ ეთანხმება.