ანა ნაცვლიშვილი - გუშინ განვითარებულმა მოვლენებმა საბოლოოდ დაადასტურა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სახელმწიფოში საგანგებოდ მოშალა მართლწესრიგი, კანონი და სამართალი
გუშინ თბილისში განვითარებულმა მოვლენებმა საბოლოოდ დაადასტურა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სახელმწიფოში საგანგებოდ მოშალა მართლწესრიგი, კანონი, სამართალი და მისი ამოცანაა, რომ მთელი ქვეყანა და საქართველოს თითოეული მოქალაქე დააყენოს საფრთხის წინაშე და დაუცველი დატოვოს, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, დღეს დაანონსებული საკანონმდებლო ცვლილებები არის დიქტატურის დაკანონების ნაბიჯი, რომელსაც საზოგადოება არ აპირებს, რომ შეეგუოს.
„არ ვაპირებთ, დავანებოთ „ქართულ ოცნებას“ რუსული ტიპის დიქტატურის დამყარების მცდელობა საქართველოს სახელმწიფოში. რაც ჩვენ გუშინ ვნახეთ, ეს არის მოძალადეების თარეში, მოძალადეებისა, რომლებსაც აცვიათ პოლიციის ფორმა, მაგრამ საერთო არაფერი აქვთ არც პოლიციასთან, არც მართლწესრიგთან, არც კანონთან და არც საზოგადოებრივი ინტერესის დაცვასთან. გუშინ ასობით მოწმის, ჩართული კამერების და უამრავი ადამიანის წინაშე მათ და მათმა ხელმძღვანელობამ ჩაიდინა ძალადობრივი სადამსჯელო მოქმედებები სრულიად მშვიდობიანი, უკვე დაკავებული დემონსტრანტების წინააღმდეგ. ჩვენ ვნახეთ, რომ ეს ძალადობრივი მოქმედებები მათ ჩაიდინეს დემონსტრაციულად. „ძლიერი საქართველო“ მოითხოვს, რომ ზვიად ხარაზიშვილს დაატოვებინონ თანამდებობა დაუყოვნებლივ. არ შეიძლება, მოძალადე ადამიანები იყვნენ გამოყვანილი თითქოს კანონის დამცველებად და ამას ასაღებდნენ მართლწესრიგის დაცვად. მას დაუყოვნებლივ უნდა დაატოვებინონ თანამდებობა, მასზე უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, თუნდაც იმ ერთი ეპიზოდისთვის, რაც გუშინ უამრავმა კამერამ და ასობით ადამიანმა დააფიქსირა. ხოლო იმ სამართალდამცავებს, რომლებსაც ჯერ კიდევ შერჩენიათ გონიერება, საღი აზრი და სინდისის გარკვეული ხარისხი, მოგიწოდებთ, ხმა აიმაღლოთ იმ უკანონობისა და ძალადობის წინააღმდეგ, რომელიც თქვენი სახელით და თქვენი უწყების სახელით ხორციელდება საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.