ანა ნაცვლიშვილი - დარწმუნებული ვარ, გიგი უგულავას კონსულტაციები ჰქონდა გავლილი, კარანტინის წესების დარღვევა თუ დადასტურდება, სტატუსისგან განურჩევლად, ყველამ პასუხი უნდა ვაგოთ
ანა ნაცვლიშვილი - დარწმუნებული ვარ, გიგი უგულავას კონსულტაციები ჰქონდა გავლილი, კარანტინის წესების დარღვევა თუ დადასტურდება, სტატუსისგან განურჩევლად, ყველამ პასუხი უნდა ვაგოთ

ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ წარმომადგენელის ანა ნაცვლიშვილის განაცხადებით, კარანტინის წესების დარღვევის შემთხვევაში, სტატუსისგან განურჩევლად, ყველამ პასუხი უნდა აგოს.

აღნიშნულის შესახებ ნაცვლიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ გუშინდელ აქციაზე გიგი უგულავას სიტყვით გამოსვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ნაცვლიშვილი ამბობს, დარწმუნებულია, შესაბამისი ორგანოები საკითხით დაინტერესდებიან.

„ვერ გეტყვით, გიგი უგულავამ კარანტინის წესები დაარღვია თუ არა. საკმარისი ინფორმაცია არ მაქვს იმისათვის, რომ შევაფასო, მაგრამ ცალსახად ვიტყვი, რომ თუ დადასტურდება, რომ კარანტინის წესები არის დარღვეული, ყველამ სტატუსისგან განურჩევლად, პასუხი უნდა ვაგოთ. დარწმუნებული ვარ, ამით შესაბამისი ორგანოები დაინტერესდებიან. მინდა, მჯეროდეს, რომ არავინ არ დააყენებდა საკუთარ და სხვების ჯანმრთელობას კითხვის ნიშნის ქვეშ. დარწმუნებული ვარ, მას კონსულტაციები ჰქონდა გავლილი, მაგრამ შესაბამისს უწყებებს არაფერი გამოეპარებოდათ და თუ რაიმე დარღვევა იყო, ეფექტურად იმოქმედებენ. თუ წესები დაირღვა და ამას სამედიცინო გამართლება არ ჰქონდა, ვინც არ უნდა ყოფილიყო, მეც რომ ვიყო, პასუხი უნდა ვაგოთ. გასაგებია, ეჭვები და წუხილები, მეც, ისევე როგორც საზოგადოებას, კითხვებზე პასუხის მიღების ლეგიტიმური ინტერესი მაქვს. ვინც პასუხისმგებელია მსგავსი დარღვევის გამოვლენაზე, უნდა იმოქმედონ“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

გიგი უგულავა, რომელსაც 7 ოქტომბერს კორონავირუსი დაუდასტურდა, თავისუფლების მოედანზე სიტყვით გამოვიდა. „არ შემეძლო, დღეს აქ არ მოვსულიყავი, მადლობა ექიმებს, რომ მომცეს ამის საშუალება“, – განაცხადა გიგი უგულავამ აქციაზე. მოგვიანებით, უგულავამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სიმპტომები აღარ აქვს, აღარც გადამდებია. მისივე თქმით, სწრაფმა ტესტმაც უარყოფითი აჩვენა და ექიმთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყვიტა, ყოფილიყო აქციაზე, ხალხთან ერთად.