ანა ნაცვლიშვილი - ჩვენ რამე კი არ დავკარგეთ, არ ვიცით, რა ფასი აქვს დამოუკიდებელ სასამართლოს
ანა ნაცვლიშვილი - ჩვენ რამე კი არ დავკარგეთ, არ ვიცით, რა ფასი აქვს დამოუკიდებელ სასამართლოს

2015-2017 წლებში იხსნებოდა ოქროს პერიოდი, როდესაც სააკაშვილის დროს დანიშნულ და ცუდი გაგებით ერთგულებაში გამოცდილ მოსამართლეებს ბუნებრივად ეწურებოდათ ათწლიანი ვადა და სახელმწიფოს ეძლეოდა უნიკალური, ისტორიული შესაძლებლობა, ეს ხალხი ხელახლა აღარ დაენიშნა, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ სპიკერმა, ანა ნაცვლიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ტრიბუნა“ განაცხადა.

„სახელმწიფოს ეძლეოდა შესაძლებლობა, სისტემაში კეთილსინდისიერი, პროფესიონალი ადამიანები შეეშვა, რომლებიც სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, მრავლად არიან ამ ქვეყანაშიც და ქვეყნის გარეთაც არიან საუკეთესო ქართველი იურისტები, რომლებიც პროფესიონალები გახლავთ და ბევრ საერთაშორისო ორგანიზაციას ამაგრებენ“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ამ განცხადებით ანა ნაცვლიშვილმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, სად არის იმ პრობლემის სათავე, რაც სასამართლო სისტემაში მივიღეთ.

მისი თქმით, კანონი მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ინსტრუმენტია და თუ სწორებას კეთილსინდისიერ, პროფესიონალ ადამიანებზე არ გავაკეთებთ, ვერანაირი კანონი, რეფორმა თუ რეკომენდაცია ვერც ერთ სისტემას ვერ გააჯანსაღებს.

მისივე თქმით, პარლამენტში დღეს მიმდინარე პროცესი სრულიად არალეგიტიმურია.

„იუსტიციის საბჭოს პარლამენტისთვის სულ გადასარევი მოსამართლეები რომ გამოეგზავნა, ის პროცესი, რომელიც იუსტიციის საბჭომ ჩაატარა, იმდენად არალეგიტიმური და კანონთან შეუსაბამო იყო, რომ ჩვენი შეხედულებით, პარლამენტმა ეს სია საერთოდ არ უნდა განიხილოს. არალეგიტიმურია, რადგან ამ პროცესის მთავარი მიზანი იყო არა კონსტიტუციით განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით ადამიანთა შერჩევა, არამედ წინასწარ, დახურულ კარს მიღმა, კლანსა და „ქართულ ოცნებას“ შორის გარიგებული სიის როგორმე გატანა, რაც მოახერხეს“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

როგორც ნაცვლიშვილმა აღნიშნა, „ქართული ოცნების“ მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგად სასამართლო ისეთ კრიზისშია შეყვანილი, საიდანაც გამოსვლა მხოლოდ ქირურგიული ოპერაციით არის შესაძლებელი. 

„ძალიან ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ეს არ გულისხმობს იმ ტიპის ქირურგიულ ოპერაციას, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა ჩაატარა სასამართლო სისტემაში და რომელმაც ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა სასამართლო სისტემას. არსებობს მსოფლიო გამოცდილება. არსებობს წარმატებული ქირურგიული ოპერაციები და არსებობს წარუმატებელი ქირურგიული ოპერაციები. არსებობს რეცეპტები, რომელთა გადმოტანაც შეიძლება“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რას გულისხმობს და როგორ უნდა განხორციელდეს ქირურგიული ჩარევა, ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ ამის შესახებ საარჩევნო პროგრამაში ისაუბრებს და თანაც, „ლელო“ ჯერ მხოლოდ მოძრაობაა, ამ მოდელმა კი, პარტიის ფილტრი უნდა გაიაროს.

მისივე თქმით, გამოსავალი ხელისუფლების შეცვლაა და პოლიტიკურ პლატფორმაზე ამის გამო გადაინაცვლა.

„ამ ხალხმა აჩვენა, რომ მათ არ აქვთ დამოუკიდებელი პროკურატურის, დამოუკიდებელი სასამართლოს და დეპოლიტიზებული შსს-სა და სუს-ის შექმნის რესურსი. მათ ეს არ შეუძლიათ, ეშინიათ. ისინი ამას არიან მიჩვეული და ერთადერთი, ამ სისტემის პირობებში შეუძლიათ ძალაუფლების შენარჩუნება. თუ ეს ხალხი არ შეიცვალა და რაც მთავარია, არ მოვიდა ხალხი, ვისაც დამოუკიდებელი სასამართლოს არ შეეშინდება, არაფერი გამოვა, რადგან ეს გამბედაობას მოითხოვს“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მისივე თქმით, დამოუკიდებლობის ისტორიაში საქართველოს არასდროს ჰყოლია დამოუკიდებელი სასამართლო.

„ჩვენ რამე კი არ დავკარგეთ, არ ვიცით, რა ფასი აქვს დამოუკიდებელ სასამართლოს“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.