ანა ნაცვლიშვილი - ბიძინა ივანიშვილისა და გიორგი გახარიასგან მოვისმინეთ უმძიმესი აღიარება, რომ ქვეყანაში არაფორმალური მმართველობა არსებობს
ანა ნაცვლიშვილი - ბიძინა ივანიშვილისა და გიორგი გახარიასგან მოვისმინეთ უმძიმესი აღიარება, რომ ქვეყანაში არაფორმალური მმართველობა არსებობს

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, იმდროინდელი ბიზნესომბუდსმენი და დღევანდელი შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ადასტურებენ, რომ ქვეყანაში არაფორმალური მმართველობა არსებობდა და არსებობს, – ასე შეაფასა „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებული გუშინდელი განცხადებები საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა.

„იმ კომენტარებს გამოვეხმაურები, რომელიც გუშინ გაკეთდა. ჩვენ ორი მთავარი ფიგურანტის მხრიდან უმძიმესი აღიარება მოვისმინეთ. ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, იმდროინდელი ბიზნესომბუდსმენი და დღევანდელი შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ადასტურებენ, რომ ქვეყანაში არაფორმალური მმართველობა არსებობდა და არსებობს.

ამ წლების განმავლობაში ქვეყნის შიგნიდან თუ გარედან ჩვენ არაერთი გონივრული ეჭვი გვესმოდა, რომ ქვეყანა არაფორმალურად იმართებოდა, მაგრამ ასეთი მკაფიო და ნათელი აღიარება იმისა, რომ საქართველოს კონსტიტუციური ორგანოები კი არ მართავენ, არამედ ქვეყანაში არაფორმალური მმართველობა გვაქვს, აქამდე არ არსებობდა. ეს უმძიმესი ფაქტია და არ მგონია, თავად ამ პროცესის ფიგურანტებს ამ ეტაპისთვის ბოლომდე ჰქონდეთ გააზრებული მათი აღიარების ძალიან მძიმე შედეგები როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს, როგორც სახელმწიფოს იმიჯისთვის“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.