ანა ნაცვლიშვილი - არ ვეთანხმები დაუსჯელობის დაკანონებას არცერთ უფლებადარღვევასთან მიმართებაში
ანა ნაცვლიშვილი - არ ვეთანხმები დაუსჯელობის დაკანონებას არცერთ უფლებადარღვევასთან მიმართებაში

არ ვეთანხმები დაუსჯელობის დაკანონებას არცერთ უფლებადარღვევასთან მიმართებაში, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა „გირჩის“ ინიციატივის კომენტირებისას განაცხადა.

ნაცვლიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მისთვის საინტერესოა მმართველი გუნდის წარმომადგენლების არგუმენტები, ვინაიდან 20 ივნისს, 7 ნოემბერსა და 26 მაისს სამართლებრივად ანალოგიური უფლებადარღვევები იყო.

„მე ზოგადად არ ვეთანხმები დაუსჯელობის დაკანონებას არცერთ უფლებადარღვევასთან, განსაკუთრებით მძიმე, ისტორიულ უფლებადარღვევებთან მიმართებაში, მით უმეტეს, როდესაც ის არის ცხელი ისტორია და იარები არის ძალიან ღია. არ უნდა გადაიდგას ნაბიჯები, რომელიც ამ ვითარებაში საზოგადოებაში კიდევ უფრო გააღრმავებს არსებულ დაპირისპირებას, თუმცა „გირჩის“ ინიციატივაზე ძალიან საინტერესო იქნება მმართველი ძალის არგუმენტები, რით ახსნიან ისინი იმას, რომ სამართლებრივად ანალოგიური უფლებადარღვევები იყო, იქაც ძალის გადამეტება იყო, რომელმაც ადამიანების დასახიჩრება გამოიწვია. მმართველი პარტიის არგუმენტები იქნება ჩემთვის საინტერესო და დარწმუნებული ვარ, საზოგადოებისთვისაც“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

7 ნოემბრისა და 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტების პარლამენტში შეტანას „გირჩი“ ორშაბათს, 24 მაისს გეგმავს.