ანა ნაცვლიშვილი - ანტიდისკრიმინაციული კანონი პრაქტიკაში უნდა იყოს დაცული
ანა ნაცვლიშვილი - ანტიდისკრიმინაციული კანონი პრაქტიკაში უნდა იყოს დაცული

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, აუცილებელია, ანტიდისკრიმინაციული კანონი პრაქტიკაში იყოს დაცული. ამის შესახებ მან კოალიცია თანასწორობისთვის მიერ მომზადებული დისკრიმინაციული ფაქტების ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.

ნაცვლიშვილის თქმით, თუ ადამიანებს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებებით სარგებლობის თანასწორი შესაძლებლობა არ აქვთ, მაშინ ეს უფლებები აღარ არის და პრივილიგიები ხდება.

„თავისთავად, ის ფაქტი, რომ საქართველომ 2014 წელს ანტიდისკრიმინაციული კანონი მიიღო, ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იყო. მაგრამ აუცილებელია, რომ კანონი პრაქტიკაში დაცული იყოს. კოალიციის საქმიანობა ძალიან ღირებულია, რადგან ის სახელმწიფოს შესაძლებლობას აძლევს, არსებული რეალობა გვერდიდან დაინახოს და შეაფასოს, მიღწევები სად არის და სად რჩება ის მნიშვნელოვანი გამოწვევები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს ხელს უშლის კონსტიტუციით გარანტირებული უფლებებით თანაბრად ისარგებლონ.

თანასწორობა ძალიან მნიშვნელოვანი ღირებულებაა. თუ ადამიანებს თანასწორი შესაძლებლობა არ აქვთ, კონსტიტუციით გარანტირებული უფლებებით ისარგებლონ, მაშინ ეს უფლებები აღარ არის და პრივილიგიები ხდება“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

კოალიცია თანასწორობისთვის ანგარიშის მიხედვით, 2016-2017 წლებში საერთო და საკონსტიტუციო სასამართლოებში, ასევე სახალხო დამცველის აპარატში 60 დისკრიმინაციული საქმე შევიდა.