ანა ნაცვლიშვილი ადასტურებს, რომ სახალხო დამცველის პოსტზე მისი კანდიდატურაც განიხილება
ანა ნაცვლიშვილი ადასტურებს, რომ სახალხო დამცველის პოსტზე მისი კანდიდატურაც განიხილება

არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი ადასტურებს, რომ ომბუდსმენის პოსტზე მისი კანდიდატურაც განიხილება.

„ვადასტურებ, რომ განიხილება ჩემი კანდიდატურა სახალხო დამცველის პოზიციაზე. ძალიან სასიამოვნოა, რომ ჩემთვის საპატივსაცემო არაერთმა ადამიანმა და ჯგუფმა მომიაზრა ამ პოზიციაზე“, – აცხადებს ნაცვლიშვილი.

როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ განაცხადა, ის მზად არის ამ გამოწვევის მისაღებად. ნაცვლიშვილი ასევე, მზადაა, პარლამენტსა და ფართო საზოგადოებას მოუყვეს თავისი ხედვების შესახებ.

ანა ნაცვლიშვილი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას 2014 წლიდან ხელმძღვანელობს. ის მესამედ იქნა არჩეული თავმჯდომარედ და მას ამ პოსტზე უფლებამოსილება მიმდინარე წლის დეკემბერში ეწურება.

სახალხო დამცველის შესახებ კანონის მიხედვით, სახალხო დამცველს ხუთი წლის ვადით ირჩევს საქართველოს პარლამენტი სრული შემადგენლობის ხმების უმრავლესობით. კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვთ საპარლამენტო ფრაქციას და პარლამენტის წევრთა სულ ცოტა ექვსკაციან ჯგუფს, რომლებიც არ შედიან არცერთ ფრაქციაში.