ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ მარიხუანას დეკრიმინალიზებასა და ლეგალიზებას შორის მკაფიო ხაზი უნდა გაივლოს
ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ მარიხუანას დეკრიმინალიზებასა და ლეგალიზებას შორის მკაფიო ხაზი უნდა გაივლოს

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზებასა და ლეგალიზებას შორის მკაფიო ხაზი უნდა გაივლოს.

მისი შეფასებით, აღნიშნული მცნებების არევა ერთმანეთში მიზანმიმართულად ხდება.

„მკაფიო ხაზია გასავლები ორ საკითხს შორის. სულ სხვაა დეკრიმინალიზაცია, რაც ნიშნავს, რომ ადამიანები მოხმარებისთვის არ მიდიოდნენ ციხეში და სულ სხვაა მარიხუანას თუ ნებისმიერი სახის ნარკოტიკის ლეგალიზება. ამ ორი ცნების მიზანმიმართულად ერთმანეთში არევა ხდება. მეჩვენება, რომ მიზანმიმართულად ხდება ლეგალიზების თემის მიბმა საკონსტიტუციო სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილებასთან. საკონსტიტუციო სასამართლოს თავის ბოლო გადაწყვეტილებაში მსგავსი არაფერი უთქვამს. მას არ უთქვამს, რომ უნდა მოხდეს მარიხუანას ან რომელიმე სხვა ნარკოტიკის ლეგალიზება“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მისი განმარტებით, ლეგალიზება სრულიად განსხვავებული თემაა, ვიდრე სასჯელის მოხსნა მარიხუანას მოხმარებისთვის.

„ცალკე გასააზრებელია თემები, რომელიც უკავშირდება ლეგალიზებას. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მინიმუმ ამ ეტაპზე არ ვართ მზად ლეგალიზებისთვის და არც ერთ სამოქალაქო ჯგუფს ეს საკითხი არ დაუყენებია დღის წესრიგში“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

რაც შეეხება სამედიცინო მიზნით კანაფის კულტივაციას, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი მიიჩნევს, რომ ამ კუთხითაც რისკები კარგად უნდა გაითვალოს.

„ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც იქნება გადადგმული, მათ შორის ახალი რეგულაციების შემოღებაზე საკანონმდებლო თვალსაზრისი, სრულყოფილად უნდა იყოს გააზრებული, გაანალიზდეს ყველა რისკი და შეფასდეს სახელმწიფოს მზაობა“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მისი შეფასებით, მოცემულ ეტაპზე, ამ საკითხებზე სათანადო ინფორმაცია ინიციატორების მხრიდან წარდგენილი არ არის.

მარიხუანას მოხმარების რეგულაციებთან დაკავშირებით კანონპროექტი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ წარადგინა, მთავრობის სხდომაზე უკვე განიხილეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, კანონპროექტით მარიხუანას მოხმარება მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოში ექცევა. რაც შეეხება კანაფის მოყვანა-წარმოებას სამედიცინო მიზნით ექსპორტზე გასატანად, კანონპროექტის თანახმად, სამედიცინო მიზნით კანაფის მოყვანა-წარმოება ექსპორტისთვის მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცეული ლიცენზირებადი საქმიანობა იქნება, ხოლო ლიცენზიის გაცემაზე და პირობების შესრულებაზე დამოუკიდებელი სააგენტოს მიერ მკაცრი კონტროლი განხორციელდება.