ანა ნაცვლიშვილი - აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან დაკავშირებით პრეზიდენტს კონსულტაციები პოლიტიკურ სუბიექტებთან ექნება
ანა ნაცვლიშვილი - აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან დაკავშირებით პრეზიდენტს კონსულტაციები პოლიტიკურ სუბიექტებთან ექნება

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პრეზიდენტი კონსულტაციებს გაივლის აჭარის უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ ყველა პოლიტიკურ სუბიექტთან და ამ კონსულტაციების შემდეგ, უმაღლეს საბჭოს წარუდგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაურის კანდიდატურას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

როგორც ანა ნაცვლიშვილმა განაცხდა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის წარდგენის საკითხს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ კონსტიტუციური კანონი არეგულირებს და ასევე არეგულირებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია.

„საქართველოს კონსტიტუციაში ერთადერთი საკითხი, რომელიც ამ თემას ეხება, არის შემდეგი მოცემულობა – როდესაც ახლად არჩეული უმაღლესი საბჭო ჰყავს აჭარას, პრეზიდენტი კონსლულტაციებს გადის მთავრობასთანაც და აჭარის უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ პოლიტიკურ სუბიექტებთანაც. ეს ფაქტობრივი სცენარი ახლა არ გვაქვს, ახლა გვაქვს შემთხვევა, როდესაც მთავრობის მეთაური გადადგა, ამის გამო მთავრობას შეუწყდა უფლებამოსილება და ახალი კანდიდატია წარსადგენი. ამ ფაქტობრივ მოცემულობაში არც საქართველოს კონსტიტუცია, არც კონსტიტუციური კანონი აჭარის შესახებ, რომელიც არის საქართველოს კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილი, არ ითვალისწინებს კანდიდატურასთან დაკავშირებით პრეზიდენტის კონსულტაციებს მთავრობასთან. ერთადერთი, ვისთანაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია კონსულტაციების გავლა, ეს არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილი პოლიტიკური სუბიექტები”, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

მისივე თქმით, პრეზიდენტს ყველა პოლიტიკური ძალასთან ექნება კონსულტაციები და ამის შემდეგ წარადგენს კანდიდატს.

„თქვენ იცით, რომ მომავალ კვირას იწყება ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება, ეს არის ნატო-ს სამიტი და ბუნებრივია, რომ პრეზიდენტისთვის, ისევე როგორც ქვეყნისთვის, მნიშვნელოვანია, ნატო-ს სამიტი. პრეზიდენტი იქ იქნება და ნატო-ს სამიტიდან დაბრუნების შემდეგ გვექნება უშუალო შეხვედრები, რის შემდეგაც პრეზიდენტი წარადგენს კანდიდატს” – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ თანამდებობა გუშინ დატოვა.