ანა მიქელაძე - საარჩევნო უბნები დაკომპლექტებული არ არის და შესაბამისად, საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრები არჩეული არ არიან
ანა მიქელაძე - საარჩევნო უბნები დაკომპლექტებული არ არის და შესაბამისად, საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრები არჩეული არ არიან

საარჩევნო უბნები დაკომპლექტებული არ არის და შესაბამისად, საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრები არჩეული არ არიან, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ ოპოზიციის მიერ გავრცელებული ჩანაწერის შესახებ საუბრისას განაცხადა. საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დავით ფეტვიაშვილის საკითხს, რომელმაც ამ ჩანაწერთან დაკავშირებით ცესკო-ს გადადგომის თხოვნით მიმართა, ცესკო-ს სხდომაზე განიხილავენ.

„როგორც მოგეხსენებათ, საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ განცხადებით მომართა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტასთან დაკავშირებით.

პროცედურა ასეთია, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სხდომაზე უნდა განიხილოს ეს საკითხი.

რაც შეეხება საკითხისა და ფაქტის შესწავლას, საარჩევნო ადმინისტრაციამ დაიწყო ამ ფაქტის შესწავლა, საკუთარი კომპეტენციიდან გამომდინარე. საარჩევნო ადმინისტრაციის შიდა აუდიტის სამსახურმა უკვე მიმართა შესაბამისად იმ პოლიტიკურ პარტიას, ვინც გაავრცელა ეს ვიდეომასალა და შესაბამისად, ჩვენ ველოდებით ამ ვიდეომასალის სრული ჩანაწერის მიღებას.

დამატებით, რა ღონისძიებები იქნება განხორციელებული, რა იქნება შედეგები საარჩევნო ადმინისტრაციის სხდომის, რა თქმა უნდა, თქვენთვის იქნება ცნობილი“, – განაცხადა ანა მიქელაძემ.

ამასთან, მისივე თქმით, რაც შეეხება იმ დამატებით პირებს, რომელზეც არის საუბარი, კომპეტენციის ფარგლებში, ცესკო შეისწავლის ამ საკითხს.

„თუმცა ოლქის თავმჯდომარის გარდა, დანარჩენი პირები საარჩევნო ადმინისტრაციის კუთხით საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლები არ ყოფილან.

მოგეხსენებათ, უბნები ჯერჯერობით დაკომპლექტებული არ არის და შესაბამისად, ეს პირები არ არიან საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრები. ეს პიროვნებები წინა არჩევნებზე შესაძლოა, იყვნენ საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრები, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ჯერ არ არის გამოცხადებული კონკურსი, შესაბამისად არ არის არჩეული არცერთი საუბნო კომისიის წევრი, მით უმეტეს ვერ იქნება ვერანაირად განსაზღვრული ფუნქციები საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს შორის. აქედან გამომდინარე, ეს ადამიანები არ არიან საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლები“, – განმარტა ანა მიქელაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა გუშინ პრესკონფერენციაზე ჩანაწერი წარადგინა, სადაც მისივე თქმით, ინკოგნიტო პირი კრწანისის რაიონის საოლქო და საუბნო კომისიების თავმჯდომარეებს ესაუბრება, რომლებიც ამბობენ, რომ კომისიაში დასასაქმებელ პირთა სიებს მმართველი პარტიის კრწანისის რაიონის კურატორისგან იღებენ.