ანა მიქელაძე - საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრულია საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესი და შესაბამისი კრიტერიუმები
ანა მიქელაძე - საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრულია საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესი და შესაბამისი კრიტერიუმები

საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრულია საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესი და შესაბამისი კრიტერიუმები. მეტიც, დაემატა ახალი კრიტერიუმები საარჩევნო კანონმდებლობას და გათვალისწინებული იყო კანონმდებლის მიერ საერთაშორისო ორგანიზაციების დამკვირვებლების რეკომენდაციები ამ პროცესში, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ს საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, საარჩევნო ადმინისტრაცია უკვე წლებია, არსებული საკანონმდებლო ნორმების მიუხედავად დამატებით გასცემს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებისთვის რეკომენდაციებს.

„მაგალითად, პროფესიული გამოცდილების გათვალისწინება, საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობის მიღება, ადმინისტრაციული სანქციების არ ქონა და სხვა კრიტერიუმები, რაც მუდმივად არის გათვალისწინებული ჩვენი საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ და ეს პროცესი, რეკომენდაციების გაცემა, ყოველთვის დადებითად იყო შეფასებული სადამკვირვებლო ორგანიზაციების მხრიდან.

საოლქო საარჩევნო კომისია შედგება 12 წევრისგან. მათგან ნაწილი არის კანონმდებლობით არჩეული პროფესიული ნიშნით ცესკო-ს მიერ. ხოლო ნაწილი არის დანიშნული პარტიების მხრიდან. პროცესი არის გამჭირვალე. მათ აქვთ შესაძლებლობა, წინასწარ გაეცნონ კანდიდატების შესახებ ინფორმაციას, ბიოგრაფიას და იმ რეკომენდაციებისა და კრიტერიუმების მიხედვით, რაც არის კანონმდებლობაში მიცემული, ამით  ხელმძღვანელობენ.

წლების განმავლობაში ისმოდა მსგავსი ბრალდებები. ეს არ არის პირველი შემთხვევა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ვერც ერთ შემთხვევაზე რომელიმე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის მიკერძოებული საქმიანობის შესახებ ფაქტობრივად, ფაქტებითა და არგუმენტებით დადასტურებულს, ძალიან რთულია მოძებნა. დამატებით, ვის რა „შპარგალკა“ უჭირავს ხელში, ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ“, – განაცხადა ანა მიქელაძემ.

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ მოითხოვს, ცესკო-მ შეიმუშაოს კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც მოხდება საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების შერჩევა.