ანა მიქელაძე - ავღანეთში მყოფმა ყველა ქართველმა სამხედრომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა უკვე მიიღო
ანა მიქელაძე - ავღანეთში მყოფმა ყველა ქართველმა სამხედრომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა უკვე მიიღო

ავღანეთში მყოფმა ყველა ქართველმა სამხედრომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა უკვე მიიღო, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საარჩევნო პროცესმა ავღანეთში გახსნილ ორ საარჩევნო უბანზე მშვიდ გარემოში ჩაიარა.

ამასთან, მიქელაძის თქმით, იმ სამხედროებმა, რომლებიც სამხედრო ბაზაზე არ იმყოფებოდნენ, ხმა მისცეს გადასატანი ყუთის საშუალებით.

„დღეს ავღანეთში, ორ საარჩევნო უბანზე, კონკრეტულად კი მაზარი-შარიფისა და ბაგრამის სამხედრო ბაზებზე გაიმართა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური.

ამ დროისთვის ყველა სამხედრომ მიიღო უკვე მონაწილეობა არჩევნებში და მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საარჩევნო პროცესმა ჩაიარა მშვიდ გარემოში. თითოეულ მათგანს ჰქონდა შესაძლებლობა თავისუფლად გამოეხატა საკუთარი კონსტიტუციური უფლება.

ამ ეტაპზე არის ასევე გასული საარჩევნო უბნიდან გადასატანი ყუთი. ავღანეთის სპეციფიკიდან გამომდინარე, არსებობენ ჯარისკაცები, რომლებიც არ იმყოფებიან უშუალოდ სამხედრო ბაზაზე. იმისთვის, რომ თითოეულმა მათგანმა შეძლოს არჩევნებში მონაწილეობა, მათთან სპეციალური ჯგუფის წევრებმა მიიტანეს გადასატანი საარჩევნო ყუთი და რანდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ამ დროისთვის საარჩევნო ყუთი ბრუნდება უკვე სამხედრო ბაზაზე. მას შემდეგ, რაც გადასატანი საარჩევნო ყუთი დაბრუნდება, დასრულდება საარჩევნო პროცესი“,- განაცხადა მიქელაძემ.

მისივე თქმით, კანონმდებლობის თანახმად, ყველა დოკუმენტაცია, მათ შორის ბიულეტენები შესაბამისი წესით იქნება დალუქული, შეფუთული, გამოიგზავნება საქართველოში და შეინახება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.

„28 ნოემბერს, მას მერე, რაც მთელ საქართველოში დასრულდება ხმის მიცემის პროცესი, 20:00 საათის შემდეგ ცესკო-ში სპეციალური ჯგუფის წარმომადგენლები დაითვლიან ავღანეთის ბიულეტენებს და შედეგი 28 ნოემბერს იქნება ცნობილი“,- განაცხადა ანა მიქელაძემ.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება. ეს დღე უქმე იქნება.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი გრიგოლ ვაშაძე იყრიან კენჭს.

დატოვე კომენტარი