ანა მალიარი - უკრაინის თავდაცვის ძალებმა გასული კვირის განმავლობაში ქალაქ ბახმუტთან ორი კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლეს
უკრაინის თავდაცვის ძალებმა გასული კვირის განმავლობაში ქალაქ ბახმუტთან ორი კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლეს, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა განაცხადა.
„უკრაინის თავდაცვის ძალებმა გასული კვირის განმავლობაში გაათავისუფლეს ორი კვადრატული კილომეტრი ბახმუტში, მთლიანი გათავისუფლებული ტერიტორია კი აღმოსავლეთ უკრაინაში 37 კვადრატულ კილომეტრს აღემატება“, – ამბობს მალიარი.
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, უკრაინის ჯარები წარმატებულ შეტევას ახორციელებენ ქალაქ ბახმუტის სამხრეთით მდებარე რაიონებში.
„რუსეთი აგრძელებს ძირითადი ძალისხმევის ფოკუსირებას კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკის მიმართულებებზე, ამ რაიონებში მძიმე ბრძოლები გრძელდება“, – აცხადებს მალიარი.
მისივე თქმით, ზაპოროჟიეს რაიონში უკრაინულმა ძალებმა „წარმატებას მიაღწიეს და თავიანთ პოზიციებს ამაგრებენ“ მალა ტოკმაჩკასა და რობოტინის რაიონებში.
მედია წერს, რომ უკრაინის კონტრშეტევის დაწყებიდან 204,7 კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლეს, საიდანაც 12,6 კვადრატული კილომეტრი უკრაინამ გასული კვირის განმავლობაში დაიბრუნა.