ანა მალიარი აცხადებს, რომ უკრაინელი სამხედროები ზაპოროჟიეს ოლქის სოფელ რობოტინოში შევიდნენ და მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას ახორციელებენ
ანა მალიარი აცხადებს, რომ უკრაინელი სამხედროები ზაპოროჟიეს ოლქის სოფელ რობოტინოში შევიდნენ და მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას ახორციელებენ

უკრაინელი სამხედროები ზაპოროჟიეს ოლქის სოფელ რობოტინოში შევიდნენ და მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას ახორციელებენ. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი ავრცელებს.

მისი ცნობით, რუსი სამხედროები სოფელს არტილერიით ბომბავენ.

„47-ე ბრიგადის მეომრებმა, რომლებიც ბრძოლით შევიდნენ სოფელ რობოტინოში, ორგანიზება გაუწიეს მშვიდობიანი მცხოვრებლების ევაკუაციას „ბრედლის“ ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანებით. ჩვენი მებრძოლები ასრულებენ გეგმურ საბრძოლო სამუშაოს და ანადგურებენ მტერს. პასუხად, რუსები განუწყვეტლივ ისვრიან რობოტინოს მიმართულებით არტილერიიდან. შეტაკებები გრძელდება“, – აღნიშნა მალიარმა.

სამხრეთის ფრონტზე, სოფელ რობოტინოს რაიონში უკრაინელების წარმატების შესახებ ომის შესწავლის ინსტიტუტიც ავრცელებს ინფორმაციას. თავის ყოველდღიურ ანგარიშში ამერიკული ინსტიტუტი აღნიშნავს, რომ 20-21 აგვისტოს გამოქვეყნებული გეოლოცირებული გამოსახულებები აჩვენებს, რომ უკრაინელები რობოტინოს ცენტრალურ ნაწილამდე მივიდნენ, ასევე გაარღვიეს რუსების თავდაცვა რამდენიმე ადგილას მალა ტოკმაჩკასგან სამხრეთით.

მანამდე სოციალურ ქსელებში რუსი სამხედრო ბლოგერები წერდნენ, რომ რუსეთის ძალები ინარჩუნებენ რობოტინოს მხოლოდ სამხრეთ შემოგარენს, ზოგიერთი ცნობებით კი, რუსებმა სოფელი მთლიანად დატოვეს.