უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ უკრაინელი სამხედროები ბახმუტის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში სამრეწველო და ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე კონტროლს ინარჩუნებენ
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ უკრაინელი სამხედროები ბახმუტის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში სამრეწველო და ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე კონტროლს ინარჩუნებენ

უკრაინელ სამხედროებს ბახმუტი ნახევრად ალყაში აქვთ მოქცეული, რაც მათ მტრის განადგურების შესაძლებლობას აძლევს, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა ტელეგრამარხში დაწერა.

მალიარმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ უკრაინელები ინარჩუნებენ კონტროლს ბახმუტის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე რაიონის სამრეწველო და ინფრასტრუქტურულ ობიექტებსა და კერძო სექტორზე.

„მტერმა ვერ შეძლო ბახმუტის ალყაში მოქცევა და მათ ქალაქის გარშემო რამდენიმე დომინანტი სიმაღლე დაკარგეს. ანუ, ჩვენი ჯარების წინსვლა ქალაქის შემოგარენში, ფლანგებზე, რომელიც ახლაც გრძელდება, მტერს ბახმუტში ყოფნას ძალიან ურთულებს. ჩვენმა ძალებმა ქალაქი ნახევრად ალყაში მოაქციეს, რაც ჩვენ მტრის განადგურების შესაძლებლობას გვაძლევს. ამიტომ მტერი იძულებულია, თავი დაიცვას ქალაქის იმ ნაწილში, რომელსაც აკონტროლებს“, – დაწერა მალიარმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ რუსეთის ძალებმა ბახმუტი სრულად დაიკავეს. მოგვიანებით ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომაც განაცხადა. უკრაინის ხელისუფლება აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფს.