ანა კასრაძე - ჯერ არ ვიცით, სეზონურია თუ არა კორონავირუსი, თუმცა ვიმედოვნებთ, ტემპერატურულ ცვლილებას გარკვეული შედეგი ექნება
ანა კასრაძე - ჯერ არ ვიცით, სეზონურია თუ არა კორონავირუსი, თუმცა ვიმედოვნებთ, ტემპერატურულ ცვლილებას გარკვეული შედეგი ექნება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC), საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკებზე მზადყოფნისა და რეაგირების სამმართველოს უფროსის ანა კასრაძის განცხადებით, ჯერჯერობით არ არსებობს მტკიცებულებები იმის თაობაზე, რჩებათ თუ არა მყარი იმუნიტეტი მათ, ვინც კორონავირუსისგან განიკურნა.

„სამწუხაროდ, ამის მტკიცებულებები ჯერ არ არსბებობს. მიმდინარეობს კვლევები და უნდა გავიდეს რაღაც პერიოდი, რათა ჩვენ ვნახოთ, ადამიანებს, ვინც ეს ვირუსი გადაიტანეს, რჩებათ თუ არა მყარი იმუნიტეტი. ჯერ მხოლოდ 3-4 თვეა, რაც მიმდინარეობს პანდემია მსოფლიოში და შესაბამისად, ძალიან ცოტა დროა ამაზე სამსჯელოდ“, – განაცხადა ანა კასრაძემ.

რაც შეეხება ვირუსის სეზონურობას, კასრაძის თქმით, ჯერ არც ისაა დადგენილი, სეზონურია თუ არა კორონავირუსი, თუმცა, იმედი აქვს, ტემპერატურული ცვლილება ვირუსზე გარკვეულწილად იმოქმედებს.

„იმისთვის, რომ ჩვენ ვისაუბროთ, ახასიათებს თუ არა სეზონურობა გარკვეულ დაავადებას, ამისთვის ერთი სეზონი მაინც უნდა გავიდეს. შესაბამისად, ჯერ არ ვიცით, სეზონი არ გასულა, თუმცა არის მოსაზრება იმის შესახებ, რომ ტემპერატურული ცვლილება გარკვეულ ეფექტს მოახდენს, მეტად მოხდება შენობების განიავება და ვიმედოვნებთ, რომ ვირუსზე იმოქმედებს“,- განაცხადა ანა კასრაძემ.