ანა ჯაბაური - პეტრე ყუფარაძე ცოტნე გამსახურდიას მეგობარია, მისი მხრიდან ცოტნეზე თავდასხმა გამორიცხულია
ანა ჯაბაური - პეტრე ყუფარაძე ცოტნე გამსახურდიას მეგობარია, მისი მხრიდან ცოტნეზე თავდასხმა გამორიცხულია

პეტრე ყუფარაძეს, ეს არის ცოტნეს ბავშვობის მეგობარი. პეტრეს მხრიდან ცოტნეზე თავდასხმა არის აბსოლუტურად გამორიცხული, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილის, ცოტნე გამსახურდიას მეუღლემ, ანა ჯაბაურმა განუცხადა.

როგორც ანა ჯაბაურმა აღნიშნა, ის საქმეზე ბრალდებულ სხვა პირებს არ იცნობს, თუმცა იცის, რომ ერთ-ერთი ბრალდებული არის მეზობელი.

„დღეს იქნება სასამართლო პროცესი, გავრცელდა რამდენიმე ვერსია, რაც წავიკითხე რაღაც ზღაპრებს გავს. რაც არ ვიცი, ვერ გეტყვით. მე ვიცი, რომ სახლიდან გავაცილე და ცოტა ხანში მოხდა ეს, ჭიშკართან ეყარა ნივთები და სისხლიც იქ იყო.

რაც შეეხება პეტრე ყუფარაძეს, ეს არის ცოტნეს ბავშვობის მეგობარი. პეტრეს მხრიდან ცოტნეზე თავდასხმა არის აბსოლუტურად გამორიცხული, თუ პეტრე იყო, მხოლოდ შეეცდებოდა გადაფარებოდა ცოტნეს. ამას ნამდვილად ვიტყვი, სხვა ადამიანებს მე არ ვიცნობ, ერთ-ერთი არის მეზობელი.

ჯანმრთელობის მდგომარეობას რაც შეეხება, მძიმეა, მაგრამ სტაბილურია. ალბათ, სამ-ოთხ დღეში კიდევ განმეორებით კომპიუტერულ ტომოგრაფიას როდესაც გააკეთებენ, იქ გაირკვევა საბოლოოდ, როდის გააღვიძებენ და რა მდგომარეობაა“, – განაცხადა ანა ჯაბაურმა.

ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა. ცოტნე გამსახურდია ხეჩინაშვილის კლინიკაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

ცოტნე გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ხუთი პირი დააკავა. პროკურატურამ დაკავებულ ხუთივე პირს ბრალი გუშინ წარედგინა.

ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული ხუთი პირის მიმართ სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს.

ცოტნე გამსახურდიას დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაში ორი პირია მიცემული, ტატო ღარიბაშვილი და გიორგი სოლოღაშვილი. რაც შეეხება პეტრე ყუფარაძეს, თორნიკე ქვათაძეს და კახა ჩხეტიანს მათ ბრალი დანაშაულის შეუტყობინებლობაში ედებათ.