ანა დოლიძემ სასამართლო სისტემაში არსებული გამოწვევების დასაძლევად 7-პუნქტიანი გეგმა წარადგინა 
ანა დოლიძემ სასამართლო სისტემაში არსებული გამოწვევების დასაძლევად 7-პუნქტიანი გეგმა წარადგინა 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, ანა დოლიძე აცხადებს, რომ „რეალური ნაბიჯები მომავალი, თავისუფალი სასამართლოსთვის“ ამ თემაზე ღია დისკუსიას იწყებს.

როგორც ანა დოლიძე აცხადებს, დისკუსიის მიზანი, საზოგადოებაში სასამართლოს რწმენის დაბრუნებაა.

მისივე თქმით, მრგვალი მაგიდის გარშემო მსჯელობა, სახელმწიფო სექტორისა და საზოგადოების წარმომადგენლების მონაწილეობით გაიმართება, მანამდე კი ანა დოლიძემ სასამართლო სისტემაში არსებული გამოწვევების დასაძლევად, საკუთარი 7-პუნქტიანი გეგმა წარმოადგინა, სადაც ოთხი მთავარი მიმართულებაა:

1. მოსამართლეთა სწავლების შერჩევისა და დანიშვნის სამომავლო პრინციპები.
2. საზოგადოების როლი მართლმსაჯულების სისტემაში.
3. სასამართლოს ეფექტიანობის გაზრდა.
4. თავისუფალი სასამართლოს სხვა მექანიზმები.

„სასამართლოსთან მიმართებაში ჩვენ მივედით სრულ ჩიხამდე. სასამართლოში დიდი ხანია კრიზისია, თუმცა მაგიდაზე ჯერ არც დევს რეფორმის გეგმა სასამართლოს გათავისუფლებისთვის. დღეს წარმოვადგენ შვიდ შეთავაზებას, რომლის განხორციელებითაც ჩვენ შეიძლება გავათავისუფლოთ საკუთარი სასამართლოები. მათ შორისაა ხალხის მონაწილეობის შემოღება ყველა ეტაპზე, ანუ მსაჯულთა შემოღება, პროკურორებისა და მოსამართლეების შემოწმება, მათი ქონებისა და მგზავრობების შემოწმება. მათ შორისაა პრეცედენტული სამართლის შემოღება. ის, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები სავალდებულო იყოს ყველა მოსამართლისთვის, რითაც ჩვენ კორუფციის შესაძლებლობას შევზღუდავთ. ეს გეგმა სამომავლოდაა. ნულოვანი იმედი მაქვს, რომ სასამართლოს გათავისუფლებისთვის რაიმეს გააკეთებს „ქართული ოცნება“. ეს არის შეთავაზებათა ერთობლიობა. ამას შემდეგმა ხელისუფლებამ უნდა მოჰკიდოს ხელი, რათა სასამართლო გავათავისუფლოთ ხელისუფლებისა და „კლანის“ ზეგავლენისგან“, – აცხადებს ანა დოლიძე.