ანა დოლიძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა
ანა დოლიძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ პროტესტის ნიშნად დატოვა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, სადაც დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ პაატა სილაგაძეს უსმენენ.

ანა დოლიძე კანდიდატისთვის კითხვის დასმის შესაძლებლობას ითხოვდა, რაზეც კომიტეტის ხელმძღვანელმა, ანრი ოხანაშვილმა განცხადა, რომ ერთი თვის წინ მიღწეული შეთანხმების მიხედვით, გარეშე პირს კითხვა პარლამენტის წევრისთვის უნდა წარედგინა და კომიტეტის სხდომაზე ამ კითხვას დეპუტატი დასვამდა.

დოლიძის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება რეგლამენტიდან არ გამომდინარეობს და მისთვის კითხვის დასმის საშუალება უნდა მიეცათ. სხდომის თავმჯდომარემ გამონაკლისი არ დაუშვა, რის შემდეგაც დოლიძემ სხდომა დატოვა.

როგორც მან ჟურნალისტებს სხდომის დატოვების შემდეგ განუცხადა, სპეციალურად იგონებენ ბიუროკრატიულ პრობლემებს, რომ კომიტეტზე მწვავე დისკუსია არ შედგეს და პროცესი მხოლოდ ფასადურად წარიმართოს.

„დღეს უკვე დარბაზში შემიშვეს, მიუხედავად იმისა, რომ გუშინ იგონებდნენ, თითქოს რაღაც წერილი უნდა დამეწერა. შემიშვეს, რადგან ძალიან კარგად იციან, რომ სპეციალურად მოიგონეს ბიუროკრატიული მავთულხლართები, რათა ამ დარბაზში არ იყოს ნორმალური და თუნდაც მწვავე დისკუსია, ჩანდეს ე.წ. ფასადური პროცესი. მინდოდა, წამეკითხა ამონარიდი პაატა სილაგაძისთვის სალომე ადეიშვილის წერილიდან, სადაც პირდაპირ არის მითითებული, რომ გარკვეულ საქმეებზე ზემოდან რეკავენ, ერთნაირ საქმეებზე, რადგან ჩაწყობას აქვს ადგილი, ვიღაცას პატიმრობას უფარდებენ და ვიღაცას არ უფარდებენ. იმის მიხედვით ხდება ყველაფერი, „ღმერთს“ მოსწონს თუ არა. ერთი პროკურორის მიერ დაწერილი ეს ყველაფერი პირდაპირ უკავშირდება კლანურ, ნეპოტისტურ სისტემას სასამართლოში, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობდით“, – განაცხადა დოლიძემ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის თქმით, მან კითხვა დატოვა და პაატა სილაგაძის პასუხი აინტერესებს, რა მოსაზრება აქვს სალომე ადეიშვილის წერილზე ჩაწყობებთან, ნეპოტიზმსა და შერჩევით სამართალთან მიმართებაში.

„დღეს დარბაზში ჩემი შეშვებით თავადვე აღიარეს, რომ თვითონ შექმნეს ხელოვნური ბიუროკრატიული მავთულხლართები. გუშინ ამბობდნენ წერილია საჭირო, დღეს ეს წერილი აღარ მოითხოვეს. ნახეთ, რომ დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილის კითხვებს კანდიდატმა საერთოდ არ უპასუხა. გიორგი მიქაუტაძე კი, ფაქტობრივად აკვარიუმში ჰყავდათ მოთავსებული, რათა დისკომფორტი და უხერხულობა არ შექმნოდა უხერხული კითხვებით. ეს არის ის მხარე ამ პროცესის, რომელიც ჩანს და, რომელიც უნდათ, დემოკრატიულ და გამჭვირვალე პროცესად გამოაცხადონ“, – განაცხადა ანა დოლიძემ.