ანა დოლიძემ მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებაზე ჩუსტები მიიტანა [ფოტო]
ანა დოლიძემ მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებაზე ჩუსტები მიიტანა [ფოტო]

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთან, ლევან თევზაძესთან გასაუბრების დაწყების წინ, ანა დოლიძემ ჩუსტები მიიტანა.

მისი განცხადებით, იქიდან გამომდინარე, რომ საბჭოში გვიანობამდე მიმდინარეობს გასაუბრება, კანდიდატებს უნდა შეექმნათ კომფორტი. დოლიძის თქმით, არასამუშაო საათებში გასაუბრებით შრომითი უფლებები ირღვევა.

„ჩემი კეთილი ნების გამოხატვით, მინდა, გადავცე ეს საშუალება იმისთვის, რომ იუსტიციის საბჭოში თავი იგრძნონ, როგორც სახლში. სავარაუდოდ, მათ შაბათ-კვირასაც დასჭირდებათ გასაუბრება. მგონი, ის პირობა მაინც უნდა შევუქმნათ, ადამიანი ღამე რომ არის იუსტიციის საბჭოში, კომფორტულად მოვიდეს აქ და რამდენიმე საათი გესაუბროთ. ზოგადად, უნივერსალური ვიყიდე, ქალებისთვისაც არის და კაცებისთვისაც“, – განაცხადა დოლიძემ.

დოლიძის განცხადებას რეპლიკით გამოეხმაურა საბჭოს წევრი ვასილ მშვენიერაძე.

„უკაცრავად, მაგრამ ზომები იციდით?! მე,მაგალითად 44 ზომას ვიცვამ“, – მიმართა რეპლიკით მშვენიერაძემ.

საბჭოს მოსამართლე წევრმა, სერგო მეთოფიშვილმა კი დოლიძე და ჯანეზაშვილი „დავალების შესრულებასა და სასამართლოს დისკრედიტაციაში“ დაადანაშაულა.

დოლიძეს უპასუხა საბჭოს კიდევ ერთმა წევრმა, დიმიტრი გვირიტიშვილმა და განაცხადა, რომ ვინაიდან იუსტიციის საბჭოში გვიანობამდე მიმდინარეობს გასაუბრებები, როგორც ამ გასაუბრების წარმმართველი პირი, შუამდგომლობას წარუდგენს საბჭოს მდივანს, რომ ზეგანაკვეთური მუშაობის გამო, საბჭოს წევრებსა და აპარატის თანამშრომლებს დანამატი განესაზღვროთ. მისი თქმით, აღნიშნული შრომა კომპენსირებული იქნება.