ანა დოლიძემ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ლენინის პორტრეტი გადასცა
ანა დოლიძემ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ლენინის პორტრეტი გადასცა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ საბჭოს ლენინის პორტრეტი გადასცა. დოლიძე ამბობს, რომ საბჭომ შეარჩია მოსამართლეობის კანდიდატი, რომელიც ლიდერად ლენინს მიიჩნევს.

საუბარია თეა ძიმისტარაშვილზე. ანა დოლიძე განმარტავს, რომ როდესაც გასაუბრებაზე მოსამართლეობის კანდიდატს ჰკითხა, ვის მიიჩნევდა ლიდერად, ძიმისტარაშვილს ლენინი გაახსენდა.

„სიმბოლო ამ პროცესისა, იმ ადამიანის, რომელმაც მიიღო 10 ხმა. როდესაც 14 აგვისტოს ვკითხე, მისი გაგებით, ვინ არის ლიდერი, მას არ გაახსენდა არც კოსტავა, არც გამსახურდია, არც თამარ მეფე, არც აღმაშენებელი. მას გაახსენდა ვლადიმერ ილიას ძე ლენინი. მე დღეს ჩავთვალე, რომ სწორედ ლენინის პორტრეტი არის ამ ადამიანების, ამ სისტემის ერთაზროვნების ძალიან კარგი სიმბოლო“, – აცხადებს ანა დოლიძე.

ანა დოლიძე ამბობს, რომ პორტრეტის ასლს გაუგზავნის პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესაც, რომელიც მოსამართლეების არჩევის პროცესის ერთ-ერთი აქტიური მონაწილეა.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტისთვის წარსადგენად დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ექვსი კანდიდატი შეარჩია.

დატოვე კომენტარი