ანა დოლიძემ და ნაზი ჯანეზაშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება პროტესტის ნიშნად დატოვეს
ანა დოლიძემ და ნაზი ჯანეზაშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება პროტესტის ნიშნად დატოვეს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებმა ანა დოლიძემ და ნაზი ჯანეზაშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება პროტესტის ნიშნად დატოვეს.

მათ გასაუბრების პროცესის არასამუშაო საათებში ჩატარება გააპროტესტეს

„სხდომებს ხელმძღვანელობს დიმიტრი გვრიტიშვილი, რომელსაც არ აინტერესებს სხვა კოლეგების აზრი, არ აინტერესებს არც ჩემი და არც ანას მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ სხდომები 19:00 საათის მერე არ უნდა ტარდებოდეს. 19:00 საათის მერე გასაუბრება კანდიდატებთან არის არარაციონალური, უგუნური გადაწყვეტილება. გვრიტიშვილის ეს დამოკიდებულება არის პირდაპირ დისკრიმინაციული. მეც მყავს ოჯახი, მყავს ცხრა თვის შვილი და ბუნებრივია, როგორც ქალს მჭირდება ჩემს შვილთან ურთიერთობა.

ეს გადაწყეტილება მიიღეს უმრავლესობაში მყოფმა საბჭოს წევრმა კაცებმა. მათ ინტერესში და მათ მხედველობაში საერთოდ არ არის ის, რომ ვარ ქალი, რომ მყავს შვილი. აქ ვარ მთელი დღე, მინდა სხდომებში მონაწილეობის მიღება, მაგრამ გვრიტიშვილის გადაწყვეტილება ამის საშუალებას არ მაძლევს, ეს არის უთანასწორობა, ქალების მიმართ დიკსრიმინაციული მიდგომა“,- განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

საბჭოს არამოსამართლე წევრი სახალხო დამცველს მიმართავს.

„მივმართავთ სახალხო დამცველს, რომ შეისწავლოს ეს გარემოება და მოვლენები, რაც საბჭოში მიმდინარეობს, რათა მან თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოახდინოს შესაბამისი რეაგირება“,- აღნიშნა ჯანეზაშვილმა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი მიმდინარეობს.