ანა დოლიძე - ზედმეტად დიდ როლს ვანიჭებთ ელჩებს, ოპოზიციამ უნდა გააძლიეროს წნეხი ხელისუფლებაზე, უნდა აწიონ ტემპერატურა
ანა დოლიძე - ზედმეტად დიდ როლს ვანიჭებთ ელჩებს, ოპოზიციამ უნდა გააძლიეროს წნეხი ხელისუფლებაზე, უნდა აწიონ ტემპერატურა

ჩემი პერსპექტივით, ზედმეტად დიდ როლს ვანიჭებთ ელჩებს, სხვათა შორის, შიდა პოლიტიკურ პროცესებში, – ამის შესახებ მოძრაობის „ხალხისთვის“ თავმჯდომარემ, ანა დოლიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

როგორც ანა დოლიძემ აღნიშნა, პარტნიორების რეკომენდაციები მნიშვნელოვანია, ისინი არიან დიპლომატები, ესენი არ არიან პოლიტიკური სტრატეგები.

„ჩემი პერსპექტივით, ზედმეტად დიდ როლს ვანიჭებთ ელჩებს, სხვათა შორის, შიდა პოლიტიკურ პროცესებში. უშუალოდ, ტაქტიკურ ეტაპებზე, ელჩები, რომლებიც გვთავაზობენ ძალიან სერიოზულ მხარდაჭერასა და სერვისს, მე უფრო კმაყოფილი ვიქნებოდი როგორც საქართველოს მოქალაქე, ჩვენს პოლიტიკურ სპექტრს, მათ შორის, ქალბატონ პრეზიდენტს ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ გასწიოს ეს შუამავლობა. რატომ უნდა გვჭირდებოდეს ჩვენ ელჩების შუამავლობა. წარმოიდგინეთ კოალიციური მოლაპარაკებები გერმანიაში, ესტონეთში, არ ხდება ასეთი რამ უნგრეთსა და ჩეხეთში. ელჩების მოწოდებები და რჩევები არის ძალიან მნიშვნელოვანი, თუმცა ესენი არიან დიპლომატები, რაც თავისთავად გულისხმობს, რომ მათი მოწოდებები იქნება დიპლომატიური, ესენი არ არიან პოლიტიკური სტრატეგები. დიპლომატების რჩევა რომ იქნება დიპლომატიური, ეს ორჯერ ორი ოთხია. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ დღის წესრიგის თანახმად“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

მისივე თქმით, რაუნდების პარალელურად, ოპოზიციამ უნდა გააძლიეროს წნეხი ხელისუფლებაზე, რადგან ხელისუფლებამ არ ისარგებლოს შექმნილი ვითარებით და არ დააბრალოს ოპოზიციას, ქვეყანაში არაფერი კეთდება და ეს არის მათი ბრალი.

„უნდა აწიონ ტემპერატურა, მე მზად ვარ, ამაში მონაწილეობა მივიღო. ყველანაირი პროტესტის მეშვეობით, მშვიდობიანი და კანონიერი პროტესტის მეშვეობით. რაუნდები უნდა გაგრძელდეს ჩვეულებრივად და რაუნდები შედეგს მოიტანს უფრო სწრაფად, თუ „ქართული ოცნება“ იქნება წნეხის ქვეშ“, – ამბობს ანა დოლიძე.

დატოვე კომენტარი