ანა დოლიძე - ვერც ერთი ადამიანი ვერც ერთ სისტემას ვერ შეცვლის, თუ პოლიტიკური ნება არ იქნება
ანა დოლიძე - ვერც ერთი ადამიანი ვერც ერთ სისტემას ვერ შეცვლის, თუ პოლიტიკური ნება არ იქნება

ვერც ერთი ადამიანი ვერც ერთ სისტემას ვერ შეცვლის, თუ პოლიტიკური ნება არ იქნება, რომ სისტემა მთლიანად შეიცვალოს, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ მთავარი პროკურორის პოსტზე მისი კანდიდატურის შესაძლო დასახელების საკითხზე განაცხადა.

„პირველ რიგში მადლობა უნდა გადავუხადო ყველა იმ მოქალაქეს, ვისაც ჩემი კანდიდატურა ამ მნიშვნელოვან პოსტზე მოაფიქრდა. ეს ჩემთვის მხოლოდ და მხოლოდ დიდი პატივია. თუმცა, ვერც ერთი ადამიანი ვერც ერთ სისტემას ვერ შეცვლის, თუ პოლიტიკური ნება არ იქნება, რომ სისტემა მთლიანად შეიცვალოს. აქ ძირეული რეფორმები პროკურატურის გარდა, შინაგან საქმეთა სამინისტროში და სასამართლოში იგულისხმება“, – აღნიშნა დოლიძემ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის თქმით, საკუთარ პოზიციას იმ შემთხვევაში დააფიქსირებს, თუ მისი კანდიდატურა ოფიციალურად გაჟღერდება.

„ჩემ კანდიდატურასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება ამ ეტაპზე ნაადრევად მიმაჩნია. ჩემს პოზიციას დავაფიქსირებ, თუ უკვე ჩემი სახელი ოფიციალურ, ფორმალურ პროცესებში გამოჩნდება. მანამდე კი, ვისაც გავახსენდი, ყველას ძალიან დიდი მადლობა“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

ანა დოლიძე მთავარი პროკურორის პოსტზე შესაძლო კანდიდატად არასამთავრობო სექტორის ნაწილმა დაასახელა.

დატოვე კომენტარი