ანა დოლიძე - უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის შედეგზე პასუხისმგებლობა რამდენიმე სახელმწიფო ინსტიტუტს აქვს, მათ შორის პარლამენტს
ანა დოლიძე - უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის შედეგზე პასუხისმგებლობა რამდენიმე სახელმწიფო ინსტიტუტს აქვს, მათ შორის პარლამენტს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრ ანა დოლიძეს მიაჩნია, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის პროცესში მიღებულ შედეგზე პასუხისმგებლობა არა მხოლოდ პრეზიდენტს, არამედ რამდენიმე სახელმწიფო ინსტიტუტს აქვს, მათ შორის საქართველოს პარლამენტს.

მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ კანდიდატის შერჩევის პროცესი შედეგამდე ვერ მივიდა.

„არაერთხელ გამოვხატე წუხილი, რომ ეს პროცესი შედეგამდე არ მივიდა, თუმცა ვფიქრობ, პასუხისმგებლობა ამ შედეგზე ნაწილდება არაერთ ჯგუფს შორის, რადგან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, რომელიც არის რეალურად სასამართლოს სიმბოლო და თან სახელმწიფოებრიობის სიმბოლო, არ არის მხოლოდ და მხოლოდ პრეზიდენტის პასუხისმგებლობა. ეს არის ბევრი სახელმწიფო ინსტიტუტის პასუხისმგებლობა, მათ შორის საქართველოს პარლამენტის“,- განაცხადა ანა დოლიძემ.

რაც შეეხება კანდიდატის შერჩევის პროცესს და იმას, რომ თუ პრეზიდენტმა გადაწყვეტილება არ შეცვალა და კანდიდატის დასახელება საბჭოს მოუწია, ანა დოლიძე ფიქრობს, რომ ღირსეული კანდიდატის შერჩევა შესაძლებელია ღია პროცესის მეშვეობით.

ანა დოლიძე აღნიშნულთან დაკავშირებით სპეციალური პროექტის შემუშავებას გეგმავს, რომელსაც მალე გაასაჯაროებს.