ანა დოლიძე - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველი 144 კანდიდატის დარეგისტრირება არის მურუსიძე-ჩინჩალაძის შავი სიზმარი და კოშმარი
ანა დოლიძე - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველი 144 კანდიდატის დარეგისტრირება არის მურუსიძე-ჩინჩალაძის შავი სიზმარი და კოშმარი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე დადებითად აფასებს ფაქტს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველი 144 კანდიდატი დარეგისტრირდა.

დოლიძის განცხადებით, მისასალმებელია, რომ აღარ დამტკიცდება იმ მოსამართლეების ათკაციანი სია, რომელიც იუსტიციის უმაღლეს საბჭომ წარადგინა გასული წლის დეკემბერში.

„ჩვენს თავს და ქართველ ხალხს ვინც ძალიან გულშემატკივრობდა, უნდა მივულოცოთ დღევანდელი დღე, ეს არის მურუსიძე-ჩინჩალაძის შავი სიზმარი და კოშმარი, რადგან მათ უნდოდათ რომ არ ყოფილიყო პროცესი დეკემბერში, მათ უნდოდათ, რომ უზენაესში ყოფილიყო მიხეილ ჩინჩალაძე. ჩვენი დამსახურებით აქ ძალიან შეჯიბრებითი პროცესი იქნება, 144 განაცხადია ათკაციანი სიის მაგივრად, ამ სიაში ვერ გაბედა თავის თავი ჩაეწერა მიხეილ ჩინჩალაძეს, რომელიც ლიდერია მთელი ამ სისტემის. ვფიქრობ, ეს ის ეტაპია, როდესაც უნდა ვთქვათ, რომ ერთი ეტაპი ამ ძალიან სერიოზულ ბრძოლაში და დაპირისპირებაში სასამართლოს გათავისუფლებისთვის, ჩვენ ყველამ მოვიგეთ. შემდეგი ეტაპებისთვის რაც იქნება სერიოზული შეჯიბრებითი და ალბათ დაძაბული პროცესი, ყველა ერთად უნდა მოვემზადოთ. ერთადერთი ფაქტორი რის გამოც დღეს უზენაესში არ სხედან დეკემბრის სიის ათი მოსამართლე, რის გამოც აქ არის 144 კონკურსანტი, რის გამოც ამ სიაში არ არის მიხეილ ჩინჩალაძე, არის ქართველი ხალხის მგრძნობიარობა ამ თემის მიმართ“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კანდიდატთა სია დღეს გაასაჯაროვა. ახალი სიის მიხედვით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სურვილი 144-მა კანდიდატმა გამოთქვა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიაში მოქმედი გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე მოხვდა. სიაშია ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მიქაუტაძე.