ანა დოლიძე - უმრავლესობა უფრთხის ვენეციის კომისიის პოზიციას, იქცევა ლაჩრულად
ანა დოლიძე - უმრავლესობა უფრთხის ვენეციის კომისიის პოზიციას, იქცევა ლაჩრულად

უმრავლესობა უფრთხის ვენეციის კომისიის პოზიციას, იქცევა ლაჩრულად, როდესაც ერთი მხრივ, აგზავნის მოსაზრებებისთვის მოთხოვნას ვენეციის კომისიაში და მეორე მხრივ, არც ელოდება ამ მოსაზრებებს და წინასწარ იღებს კანონპროექტს, – ასე ეხმაურება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე ვენეციის კომისიის დასკვნის გამოქვეყნებამდე პარლამენტში მიმდინარე განხილვას, რომელიც საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს ეხება.

დოლიძის განცხადებით, 2016 წლიდან პარლამენტს, ყოფილ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ უზენაეს სასამართლოში ნომინირებული კანდიდატები ჰყავს და უმაღლეს ისტანციაში მოსამართლეთა ნაკლებობის პრობლემის მოგვარების მიზნით, შეეძლო უპირველესად მათთვის ეყარა კენჭი.

„ის, რომ იურიდიული კომიტეტი ვენეციის კომისიის დასკვნის გამოქვეყნებამდე იღებს კანონპროექტს მეორე მოსმენით, მიუთითებს, რომ უფრთხის ვენეციის კომისიის პოზიციებს. სინამდვილეში არგუმენტი, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები აკლია და ამიტომ რეაქტიული სიჩქარით უნდა მივიღოთ ეს პროექტი, ცხადია, საფუძველს მოკლებულია, რადგან პარლამენტში 2016 წლიდან წარდგენილია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა სამი კანდიდატი: ნონა თოდუა, თამარ ლალიაშვილი და ლევან ბოძაშვილი. საქართველოს პარლამენტს თუ ასე ეჩქარებოდა, მაშინ ამ ადამიანებისთვის უნდა ეყარა კენჭი, მათი იგნორირება არ უნდა მოეხდინა და შემდეგ უნდა ეზრუნა დანარჩენ კანდიდატურებზე. ფაქტია, რომ მოხდა იურიდიული თვალსაზრისით გამართულად წარდგენილი ადამიანების სახელებისა და გვარების იგნორირება“, – განაცხადა დოლიძემ.

რაც შეეხება მიზეზებს, რატომ არ განიხილა პარლამენტმა აღნიშნული მოსამართლეების საკითხი, დოლიძეს მიაჩნია, რომ უმრავლესობისთვის მარგველაშვილის მიერ წარდგენილი კანდიდატები მიუღებელია.